08/08/2023
16:04
სამხედრო
დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა. მან, საქართველოსთვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის.
"ცრემლი და ტკივილი არ გვაკლდება, მაგრამ, ამავე დროს, არ გვაკლდება ჟინი ცხოვრების, ბრძოლის და გამარჯვების. დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა, მივუსამძიმრო ამ გმირი კაცების და გოგონების მშობლებს, ოჯახის წევრებს, მთლიანად ჩემს ქვეყანას, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროთ მათ. იმედს ვიტოვებთ, რომ მათი თავგანწირვა არ იქნება უშედეგო, ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი. მე მინდა, ამავე დროს, მივუსამძიმრო, შოვში, ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს და მთლიანად საქართველოს. ღმერთმა გაგვაძლიეროს,"- განაცხადა კობა კობალაძემ."
2008 წლის ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში
0
0
გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
23/11/2024