13/09/2021
17:52
პოლიტიკა
1925 წლის 22 მარტი. დილის 11 საათი. თბილისში, ნავთლუღის აეროდრომზე სამგზავრო თვითმფრინავი „იუნკერს-13“ გასაფრენად მზად არის – მფრინავებმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს ძრავების შემოწმება, ბენზინი მოიმარაგეს… და აი, 12-ის ნახევრისათვის აეროდრომზე ავტომანქანით მოდის სამი მგზავრი: ალექსანდრე მიასნიკოვი – ამიერკავკასიის სფსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სსრ კავშირის ცაკ-ის წევრი, სოლომონ მოგილევსკი – ამიერკავკასიის სფსრ-ის საგანგებო კომისიის („ჩეკა“) თავმჯდომარე და გიორგი ათარბეკოვი – ამიერკავკასიის სფსრ-ის მუშურ-გლეხური ინსპექციის სახკომი. ისინი თბილისიდან სოხუმში მიფრინავენ, სადაც 23 მარტს აფხაზეთის საბჭოების ყრილობა უნდა ჩატარებულიყო. საპატიო სტუმრებმა სრული ეფექტისა და სხვა მიზეზების გამო მგზავრობა ავიაკომპანია „ზაკავიას“ ახლადამოქმედებული რეისით გადაწყვიტეს.
სამი მაღალჩინოსანი მგზავრი მეოთხეს – სერგო ორჯონიკიძეს ელოდებოდა. ბოლო მომენტში აეროდრომზე კურიერმა მოირბინა და მათ შეატყობინა, რომ სერგო სოხუმში წასვლას ვეღარ ახერხებდა. მფრინავებმა ბარგი კაბინაში შეიტანეს.
თვითმფრინავის ტექნიკური მონაცემები:
მთლიანლითონური კორპუსით;
ძრავა: Junkers L5;
სიმძლავრე: 310 ცხენის ძალა;
სიმაღლე: 4,1 მეტრი;
ფრთებშორისი მანძილი: 17,75 მეტრი;
მასა: ცარიელი – 1350 კგ. მაქსიმალურად დატვირთული – 2300 კგ.;
სიჩქარე: 195 კმ/სთ (მაქსიმალური), 160 კმ/სთ (კრეისერული);
ფრენის სიმაღლე: 5500 მეტრი (მაქსიმალური);
ფრენის სიშორე: 925 კმ.
„იუნკერსის“ კატასტროფა
11 საათსა და 50 წუთზე „იუნკერსი“ ჰაერში აფრინდა და დასავლეთისკენ მიმავალი რკინიგზის ხაზის გასწვრივ გეზი სოხუმისაკენ აიღო… მაგრამ არ გაუვლია 15 წუთსაც, რომ აეროდრომის კანცელარიას აცნობეს, დიდუბის იპოდრომთან „იუნკერსი“ ჩამოვარდა და იწვისო. ეს ამბავი სასწრაფოდ აცნობეს „მუშათა სასახლეშიც“ (ამჟამად სასტუმრო „თბილისი-მარიოტი“) მიაღწია, სადაც წინა დღეს გარდაცვლილი საკავშირო ცაკის თავმჯდომარის ნარიმან ნარიმანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო სხდომა უნდა გახსნილიყო. სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა სხვებთან ერთად დიდუბის იპოდრომისკენ გაქანდნენ. კატასტროფის ადგილზე მისულებს უამრავი ხალხი და შემზარავი სურათი დახვდათ: ცეცხლისაგან გაშავებულ ნამსხვრევებში ეგდო საშინლად დამწვარი ორი გვამი, რომელთა სახის გარჩევა შეუძლებელი იყო (ამოიცნეს ტანსაცმლით – ალექსანდრე მიასნიკოვი და პილოტი), ოდნავ მოშორებით – კიდევ დასახიჩრებული ორი გვამი, რომელთა ამოცნობა ასევე ტანისამოსის მიხედვით მოხერხდა: სოლომონ მოგილევსკის ხელ-ფეხი და ხერხემალი ჰქონდა გადატეხილი, ხოლო გიორგი ათარბეგოვს – თავის ქალა ჩამტვრეული… „იუნკერსის“ ნამსხვრევებში იპოვეს მეორე მფრინავის გვამიც…
თვითმხილველების ჩვენებით, აეროპლანი ღრმაღელის მხრიდან გამოჩნდა, ოდნავ დაბლა დაიწია, შემდეგ კი მკვეთრად დაუშვა ცხვირი და ვერტიკალურად დაექანა მიწისკენ, ამ მომენტში აეროპლანიდან ორი ადამიანი გადმოხტა, ზედ მიწასთან შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე კი – მესამეც. მიწაზე დაცემისას ბენზინმა იფეთქა და “იუნკერსის” კორპუსი ცეცხლში გაეხვია.
კომისიის დასკვნა
კატასტროფის დღესვე, საღამოს, ამიერკავკასიის „ჩეკა“-ს უფროსის მოადგილე ეპიფანე კვანტალიანი სსრ კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ) თავმჯდომარის მოადგილეს ჰენრიხ იაგოდას პირდაპირი ხაზით ესაუბრა და ტრაგიკული შემთხვევის გარემოებები შეატყობინა. ჰენრიხ იაგოდამ სამძიმარი გამოუცხადა ამიერკავკასიის ხელმძღვანელობას და, თავის მხრივ, დამატებითი ცნობები და კატასტროფის მიზეზების შესწავლა მოითხოვა. მეორე დღეს ამიერკავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდლის ავგუსტ კორკის თავმჯდომარეობით სამთავრობო საექსპერტო კომისია ჩამოყალიბდა. კომისიამ დაწვრილებით შეისწავლა იუნკერსის ნამსხვრევები და 24 მარტს გაზეთ “კომუნისტში” დასკვნა გამოაქვეყნა სათაურით „ავარიის მიზეზების გამომკვლევი კომისიისაგან: აქტი სამგზავრო თვითმფრინავის „იუნკერსი-13“-ს ავარიის შესახებ 1925 წლის 22 მარტს“. მასში გადმოცემულია ავიარეისის მომზადება, ამინდის მდგომარეობა, ფრენის რეჟიმი, ავარიის მომენტი და დასკვნა – კატასტროფის გამოწვევის სავარაუდო მიზეზები:
„1) ჰაეროპლანის ცეცხლის წაკიდება მოხდა არა მოტორისაგან და არც დაზიანებისაგან ან მმართველი ორგანოების ნაკლულევანებათაგან. 2) ვარაუდით ცეცხლი თვითმფრინავზე გაჩნდა სამგზავრო კაბინის შიგნით (შესაძლოა თამბაქოს მოწევის დროს გაუფრთხილებლად დაგდებული ანთებული ასანთის ღერისაგან), საიდანაც ცეცხლი შესაძლებელია მოხვედროდა 18-ლიტრიან რეზერვუარს (რეზერვუარის ადგილი – მფრინავისა და მექანიკოსის თავებს შუა და მათ ზემოდან), რომელიც აწვდის ბენზინს კარბიურატორში”.
თვითმფრინავის ეკიპაჟი
იოზეფ შპილი ვესერბურგში (ბავარია) იყო დაბადებული. 33 წლის მფრინავი მეტად გამოცდილ სპეციალისტად და „იუნკერსის“ ტიპის თვითმფრინავების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. იგი 1912 წლიდან მსახურობდა გერმანულ არმიაში და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობა „იუნკერსის” ფირმაში დაიწყო, საიდანაც 1923 წელს მოსკოვში გაგზავნეს. იოზეფ შპილმა კომპანია „ზაკავია“-ში სამსახური 1924 წლიდან დაიწყო, სადაც მალევე გერმანული პროფესიონალიზმის სიმბოლოდ იქცა. იგი თავისი ხელფასით გერმანიაში დედას, ძმასა და ორ დას ინახავდა. მფრინავს უხაროდა – პირველ აპრილს მისი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა და მოსკოვში აპირებდა წასვლას, საიდანაც, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.
ამბაკო საღარაძე – 27 წლის პილოტი-მექანიკოსი – რაჭის მაზრაში, პატარა ონში იყო დაბადებული. მან 1915 წელს გიმნაზია დაამთავრა და იმავე წელსვე შევიდა თბილისის აეროდრომის კურსებზე, რომლის დასრულების შემდეგ იქვე დარჩა სამუშაოდ, დაფრინავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის საავიაციო რაზმის აეროპლანებით (თვითმფრინავებით). ამბაკო საღარაძის მამა – ერმალო საღარაძე დამოუკიდებელი საქართველოს მმართველი პარტიის – სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. ორი შვილი ჰყავდა და ორივე დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდნენ. ამბაკოს ძმა 1921 წლის თებერვალ-მარტში თავდამსხმელებს – საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილებს იბრძოდა.
დაღუპულთა დაკრძალვა
25 მარტი თბილისში დასვენების დღედ გამოცხადდა. საღამოსკენ ხუთივე კუბო “მუშათა სასახლიდან” პირადად ამიერკავკასიის ხელმძღვანელებმა გამოასვენეს და იქვე, ყოფილი “დიდების ტაძრის” („ცისფერი გალერიის“) წინ გადაიტანეს, სადაც ხელმარცხნივ, შემაღლებულ ადგილას, ოთხი საფლავი იცდიდა. სერგეი კიროვის საბოლოო გამოსამშვიდობებელი სიტყვის შემდეგ ოთხი კუბო საფლავებში ჩაუშვეს. „იუნკერსის“ მოსკოვის წარმომადგენლობამ „ზაკავიას“ დეპეშით აცნობა, რომ იოზეფ შპილის ცხედარი სამშობლოში გადასაგზავნად მოემზადებინათ. ცერემონიალიდან იგი კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიტანეს. იქიდან კი 29 მარტს მატარებლით გაგზავნეს მოსკოვში.
უბედური შემთხვევა, შურისძიება თუ სპეცოპერაცია?
ეჭვები იმის შესახებ, რომ 22 მარტს მომხდარი ავიაკატასტროფა უბედური შემთხვევა არ ყოფილა, კიდევ უფრო გაამყარა სოხუმში გამართულ სამგლოვიარო მიტინგზე ლევ ტროცკის ვარაუდმა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზებზე პასუხი შესაძლოა „ქართველ მენშევიკებს“ ჰქონოდათ.
მოგვიანებით გავრცელდა ხმები მამაცი ქართველი პილოტის ამბაკო საღარაძის შესახებ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „ქართველი ხალხის ჯალათებს“ ანგარიში გაუსწორა.
არის კიდევ ერთი ვერსია: ლავრენტი ბერიას თანაშემწე კორნელი ელიავა ყვებოდა: „ლავრენტი ბერიას სოლომონ მოგილევსკისთან და გიორგი ათარბეგოვთან დაპირისპირება ჰქონდა, რომელიც 22 მარტის კატასტროფამდე თითქმის ერთი წლით ადრე დაიწყო, 1924 წლის აგვისტოში კი უკიდურესად გამწვავდა. იმ პერიოდში ლავრენტი ბერია საქართველოს ОГПУ-ს საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო და უშუალოდ სოლომონ მოგილევსკის ექვემდებარებოდა. 1924 წლის აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე სოლომონ მოგილევსკის კაბინეტში საგანგებო თათბირი გაიმართა. იქ ლაპარაკი იყო მოსალოდნელ შეიარაღებულ გამოსვლაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის თაობაზე მოხსენებას ლავრენტი ბერია აკეთებდა და მან სისხლისღვრის მოყვარულ სოლომონ მოგილევსკის ასე უთხრა: „ყველა ძაფი ჩვენს ხელთაა. დავაპატიმრებთ აჯანყების მოთავეებს, გაზეთებში გამოვაცხადებთ, რომ გახსნილია ეს აჯანყება და დიდ სისხლისღვრას ავიცილებთ თავიდანო“. სოლომონ მოგილევსკიმ კი ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ლავრენტი ბერიას ბოლშევიკური სიმტკიცე დაუწუნა და მტკიცედ თქვა: „ეს აჯანყება ისეთ სისხლში უნდა ჩაიხრჩოს, რომ ქართველებმა სამუდამოდ დაივიწყონ დამოუკიდებლობაზე ფიქრიო“, ლავრენტი ბერიას კი დაემუქრა: „თუ კიდევ მენშევიკებს და ნაციონალისტებს დაუდგები გვერდით, მათთან ერთად დაისჯებიო…“.
ლეგენდის მიხედვით, ამიერკავკასიის ОГПУ-ს უფროსის მუქარის მიუხედავად, ლავრენტი ბერიამ თავისი არხებით შეატყობინა მომავალ აჯანყებულებს, რომ ისინი გაშიფრულები იყვნენ და ამით ბევრი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. გარდა ამისა, მან დაგეგმა ბოლშევიკური ოთხეულის (ორჯონიკიძე-მოგილევსკი-ათარბეგოვი-მიასნიკოვი) განადგურების ოპერაციაც, რომლის აღსრულება თავის ერთგულ თანამშრომლებს – სერგეი გოგლიძესა და სხვა ჩეკისტებს დაავალა. სერგო ორჯონიკიძე სიკვდილისაგან გაფრენაზე უარმა იხსნა. დანარჩენები კი, მათ შორის ორი უდანაშაულო პილოტი, საათის მექანიზმიანი ბომბით ჰაერში აფეთქდა და ღრმაღელესთან ჩამოვარდა…
ასე იყო თუ ისე, 1925 წლის 22 მარტით დათარიღებული სამგზავრო თვითმფრინავის ავარია საქართველოს ისტორიაში მომხდარ პირველ ავიაკატასტროფას წარმოადგენდა.
1980-იანი წლების ბოლოს, კომუნისტური სიმბოლიკის ტერორის დაწყების შემდეგ, ცისფერი გალერეის წინ მემორიალური დაფებიც მოიშალა და დღეს გამვლელებს აზრადაც არ მოსდით, რომ გაზონის ქვეშ 22 მარტის ტრაგედიის მსხვერპლნი განისვენებენ.
გამოყენებული წყაროები: http://archive.ge/ka/blog/14
http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268457342
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022