24/06/2022
14:42
ანალიტიკა
საქართველოში არსებობს პოლიტიკური კულტურის ერთი მეტად მანკიერი მოვლენა, რამაც ჩვენს ცნობიერებაში მყარად მოიკიდა ფეხი. ეს არის პოლიტიკურ მოვლენათა ფსევდო-რელიგიური აღტკინებით ყურება. ეს აღტკინება განპირობებულია რეალობის მიუღებლობით, ერთგვარი სურვილით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს. ეს მორალური აზრით გასაგებია - რეალობის აღიარება არ სურს პატარა ქვეყანას, რომლის კისერზეც ისტორია თავის წისქვილის ქვებს მონდომებით ატრიალებდა. ჩვენი საზოგადოების ნაწილში გამჯდარი ეს მანკიერება, ეს ისტერიულობა, რეალობის მიუღებლობა არაცნობიერი პასუხია ისტორიისთვის, ხოლო ამ რეაქციაში გაჯიუტება, უკვე ნახევრად-ცნობიერი შურისძიებაა ისტორიის მიმართ - „რეალობამ არ გვაღიარა ჩვენ, არც ჩვენ ვაღიარებთ რეალობას“.
ამგვარი ვითარება თანდათან სწორდება. ჩვენში თანდათან იღვიძებს რაციონალიზმი, პრაგმატიზმი. ეს არის აუცილებლობა, რაც თვითგადარჩენის ინსტინქტით არის ნაკარნახევი. მართლაც, ქართული კოლექტიური არაცნობიერიდან დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ამოხეთქილმა და ქართულ მედია-სივრცეში დანთხეულმა ისტერიულობამ მიაღწია იმ დონეს, რომელიც ამ ისტერიულობას აუტანლად ხდის და საპირისპირო მხარეს აუცილებელი მოქმედებისკენ აღძრავს.
ჩვენს შემთხვევაში ერთი ამგვარი ტესტი იყო საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა. ამ მცდელობაზე რეაქცია იყო მისასალმებელი - აქ ჩვენ დავინახეთ პრაგმატიზმი და ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა; ჩვენ დავინახეთ უკუგდება იმ „კოლექტიური ყორღანაშვილობისა“, რომელთაც ერთი სული აქვს საკუთარი ქვეყანა ლანგრით მიართვან გარეშე ძალებს. ჩვენ დავინახეთ უკუგდება მედია-ინჟინერიის ბნელ კუნჭულებში დაწერილი გეგმებისა, რომელიც ტვინებს გვიჭედავდა პრიმიტიული ფორმულით: „აბა, მიდით ბიჭებო, რუსები გასულები არიან, და შედით აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“.
ამგვარი სიმშვიდისა და სიბრძნის მეორე მნიშვნელოვანი ტესტია ქართველი ხალხის რეაქცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების შესახებ. ცხადია, კანდიდატის სტატუსი იქნებოდა ერთგვარი დადასტურება იმ რეფორმებისა, რაშიც თავად ევროკავშირის მიხედვითაც, ჩვენ ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა, ჩვენ გვესმის ასევე ისიც, რომ ევროკავშირს აქვს პრობლემები. ის ყველანაირად ეცდება პოტენციურად უარყოფითი გადაწყვეტილების (არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინისა და მოლდოვასთან მიმართებაშიც) შემთხვევაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და ამ სამ ქვეყანაზე გადატანას. ამგვარი ნიადაგის შემზადებას ჰგავს მათ მიერ რეზოლუციაში ნოდარ მელაძის ფეიქების დონის ტყუილების ჩაწერა, რომ თურმე მ. სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება კერძო კლინიკაში გადაყვანის; ეს ხდება მაშინ, როდესაც სააკაშვილი ამ მომენტში სწორედაც კერძო კლინიკაში იმყოფება. რომ თურმე დ. კეზერაშვილი ლამის მედია-დევნილია. ანუ, ერთი სიტყვით, მათ გააკეთეს ერთგვარი შემამზადებელი ნაბიჯი, რატომაც შეიძლება უარი იყოს ნათქვამი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე. თუმცა, მიზეზი უფრო სხვაა. ევროკავშირს ამ ეტაპზე არ სურს გაფართოება. ის დგას გარკვეული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე და მათი მხრიდან თუნდაც ცრუ იმედების შექმნაც შეიძლება ერთგვარად ზედმეტად ჩანდეს.
თუმცა არსებობს მეორე შესაძლებლობაც: რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ ორ ათწლეულში რეგიონში მშვიდი სინდისით აწარმოონ „ღია კარის პოლიტიკა“. ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკა არ არის ცალკარას თამაში: თუ საქართველოს სჭირდება ევროპა, ევროპასაც სჭირდება საქართველო. ჩვენ უნდა შევძლოთ და მათ პირდაპირ ვათქმევინოთ სათქმელი. სწორედ ეს იქნება გონივრული და პრაგმატული მიდგომა, და არა კანდიდატის სტატუსისგან „წმინდა ძროხის“ შექმნის მცდელობა, რაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ ნაწილში შეინიშნება.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022