13/09/2021
18:06
პოლიტიკა
თბილისის მრეცხავები მტკვარზე
„ესპანური გრიპის“ გავრცელება პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნებში, კერძოდ, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში, ძირითადად 1918 წლის ივნის-აგვისტოში დაიწყო. იმ დროს საქართველოს უკვე საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გერმანიასთან – კაიზერის ჯარების ნაწილები თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში იყვნენ დისლოცირებულნი, ხოლო 1918 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან, როცა დამარცხებული გერმანიის ჯარები საქართველოდან გავიდნენ, მათი ადგილი ანტანტის წევრი ქვეყნების, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. ბრიტანელებს ძირითადად აჭარა (ბათუმის ოლქი) ჰქონდა ოკუპირებული, იქ იმყოფებოდა ინგლისის საექსპედიციო კორპუსის სარდლობა და შტაბი, თბილისში კი – ინგლისის დიპლომატიური მისია. გარდა ამისა, ბრიტინული გემები და სამხედრო მოსამსახურეები ხშირად შედიოდნენ ფოთშიც… შესაბამისად, „ესპანური გრიპის“ კერები საქართველოში 1918-19 წლებში უმეტესად დასავლეთ საქართველოში შეინიშნებოდა, თუმცა დაფიქსირდა თბილისშიც და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებში. აქვე ვიტყვით, რომ საქართველოში „ესპანური გრიპის“ კატასტროფული გავრცელება არ მომხდარა, ანუ ეს დაავადება, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ფართო ეპიდემიად არ გადაქცეულა.
რა მიზეზებმა განაპირობა „ესპანური გრიპის“ – მსოფლიო პანდემიის შეკავება საქართველოში?
პირველ რიგში იმან, რომ საქართველოში საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების – ერობების მუშაობა, რომელთა ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვაც წარმოადგენდა. ახალი ერობების არჩევნების პირველი ეტაპი 1918 წლის აგვისტო-დეკემბერში განხორციელდა (სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ქუთაისის, შორაპნის, ლეჩხუმის, რაჭის, გორის, თბილისის, თელავისა და სიღნაღის მაზრებში). ახლად არჩეულმა თვითმმართველობებმა, სანიტარული რაზმების ორგანიზებით, მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლეს პრობლემის დაძლევა.
თბილისი დღევანდელი თავისუფლების მოედანი 1918 წელი
ერობებმა დაიწყეს საექიმო პერსონალის მობილიზება და კოორდინირება. პერიოდულად ეწყობოდა სამაზრო ექიმთა ყრილობები, სადაც ხდებოდა გამოცდილების შეჯერება და სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა. მალევე კანონით განისაზღვრა საერობო მედიცინის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდელს დაეფუძნა. მაზრები დაიყო სამედიცინო უბნებად, მოეწყო კლინიკები და ამბულატორიები. დაკომპლექტდა სამაზრო ექიმთა შტატი, რომელიც მაზრის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა და ხელფასს ერობის ბიუჯეტიდან იღებდა. მოსახლეობას მხოლოდ მედიკამენტების ხარჯის გაღება უწევდათ, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, რადგან უმეტესობა ეკონომიკური კრიზისის, ეპიდემიების მასშტაბისა და ფარმაცევტული ბაზრის შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებდა წამლების შეძენას, ერობათა დიდმა ნაწილმა თავადვე დაიწყო მედიკამენტებით მომარაგების საქმის მოწყობა.
ამბულატორიების ქსელის განვითარებამ რეალურად შეასუსტა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილი ე.წ. „ისპანკის“ გავრცელების მასშტაბი და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც პანდემიის რისკის ზონაში შედიოდა, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად მსხვერპლის რიცხვი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში.
სანიტარულ-ეპიდემიური სიტუაცია თბილისში
„ესპანური გრიპი“ არ იყო ერთადერთი სენი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. მას ემატებოდა ქოლერა, ტიფი, დეზინტერია და სხვა ათასი სახადი (წითელა, ქუნთრუშა, ყვავილი…), რომელიც, რა დასამალია და თბილისის არასახარბიელო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გამო ინფექციების გავრცელების მიზეზი ხდებოდა.
როგორც იმდროინდელი პრესა იუწყებოდა, 1918 წლის ნოემბერში თბილისის საბჭოს საექიმო-სასანიტარო განყოფილებამ მოიწვია თბილისის ექიმთა თათბირი „ესპანური გრიპის“ ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველ ზომების მისაღებად.
საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, რომ „თბილისის ხელმძღვანელობა სხვადასხვა საშუალებებით უზრუნველყოფდა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას: გააძლიერა ზედამხედველობა აბანოებზე და მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობაზე, ღარიბ მოსახლეობას სანიტარული ექიმების მეშვეობით გადასცემდა აბანოს ბილეთებს, ყოველდღიურად წმენდდა და დეზინფექციას ახდენდა ტრამვაის ვაგონებისას, აკრძალა ტრამვაის ვაგონებში ზედმეტი მგზავრების ყოფნა, გამგეობის მეშვეობით გააძლიერა მოსახლეობისათვის წყლის მიწოდება, გახსნა საზოგადოებრივი სამრეცხაო, გააძლიერა ზედამხედველობა საპარიკმახეროებზე და საზოგადოებრივ სამრეცხაოებზე. თვალყურს ადევნებდა მოსახლეობის თავშეყრის ადგილებს (ბაზრებს). ქალაქიქ ქუჩებში ოთხ ენაზე – ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე გამოაკრა ინფექციების გავრცელების პრევენციის ინსტრუქცია, გააძლიერა ქალაქის სადეზინფექციო კამერის მუშაობა, გააფართოვა ქალაქის კლინიკებში ინფექციური განყოფილებები, სამედიცინო დაწესებულებები შეძლებისდაგვარად აღჭურვა მედიკამენტებით და სადეზინფექციო საშუალებებით, საავადმყოფოების პერსონალი მოამარაგა შესაბამისი ტანსაცმლით და აღჭურვილობით. საავადმყოფოებს სპეციალური ინსტრუქცია მიაწოდა ინფექციის შემთხვევაში მოქმედების შესახებ და სხვა.
1919 წლის დასაწყისში „ესპანური გრიპის“ გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადაწყდა ქალაქში მოწყობილიყო უფასო აბანო, სადაც ტანსაცმლის დეზინფექცია მოხდებოდა სპეციალური „ჰელიოსის“ აპარატით. ღარიბებს მიეცემოდათ უფასოდ ნახევარი გირვანქა საპონი. გადაწყდა აგრეთვე ალექსანდროვისა და არამიანცის საავადმყოფოში მოწყობილიყო დამატებით 120 საწოლი გრიპიანი სახადიანი ავადმყოფებისათვის.
თბილისი ბაზარი 1919 წელი
1919 წლის 10 თებერვალს თბილისის საბჭომ აირჩია გადამდებ სენით საავადმყოფოს მოსამსახურეთა მოთხოვნათა განხილვისა და დასკვნისათვის საგანგებო კომისია, რომლის წევრი იყო ცნობილი ექიმი და სახელმწიფო მოღვაწე ივანე გომართელი. ამ დროისათვის თბილისს ექვსი უმაღლესი განათლების მქონე “სასანიტარო ექიმი” ჰყავდა და თითოეულ მათგანს ორი სამედიცინო უბანი ებარა, ხოლო საექიმო-სასანიტარო განყოფილება აღჭურვილი იყო ორი სანიტარული ავტომობილით და ორი ეტლით ავადმყოფთა გადასაყვანად. აგრეთვე შედარებით უზრუნველყოფილი იყო სადეზინფექციო წამლებით.
სამედიცინო დაწესებულებების უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა რაც შეიძლება მალე აღმოჩენილიყო შემთხვევა გადამდები სენით ავადმყოფობის შესახებ, რასაც ასრულებდნენ უბნის ექიმები და ამბულატორიები. აღმოჩენისთანავე უნდა მომხდარიყო ავადმყოფთა იზოლირება და ინფორმაციის გადაცემა სადეზინფექციო კამერისათვის და სათანადო სანიტარული ექიმისათვის. კამერას გადაჰყავდა ავადმყოფი ბარაკებში და ბინაზე ახდენდა დეზინფექციას. სანიტარული ექიმი კი იმ ბინას და მიმდებარე ტერიტორიას იღებდა თავის მხედველობის ქვეშ.
როგორც 1920 წლის 9 აგვისტოს თბილისის გამგეობის სხდომიდან ირკვევა, იმ დროისათვის ქალაქში თავი იჩინა ქოლერამ და, რადგან დაფიქსირდა სიკვდილის შემთხვევებიც, სიტუაცია სასწრაფოდ ზომების მიღებას ითხოვდა, კერძოდ საჭირო იყო: ქოლერის აცრა, მოსახლეობისთვის წლის უფასოდ მიწოდება, კირის შეძენა, სათადარიგო ბარაკების მოწყობა… უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საკითხი მეტ-ნაკლებად წარმატებით მოგვარდა.
მოკლე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 1918-1920 წლებში საქართველოს ხელისუფლება, იმდროინდელი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. მართალია, საბიუჯეტო თანხები არასაკმარისი იყო, მაგრამ ექიმთა მაღალი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და საქმისადმი უანგარო დამოკიდებულება ბევრ პრონლემას წყვეტდა.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022