23/05/2022
15:23
ანალიტიკა
ის შეურაცხყოფდა ყველაფერს, ის მოწინააღმდეგეებს ბიომასას უწოდებდა, ის გვიფსამდა ღვინოსა და ბორჯომში, ის აგინებდა ქალს უშვერი სიტყვებით პირდაპირ ეთერში; მისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და ჭადრაკის ლეგენდა მხოლოდ იმიტომ ხდებოდა სალანძღავი, რომ ისინი უბრალოდ, „ნაცები“ არ არიან. ცხადია, საუბარია „მედია-მენეჯერ“ ნიკა გვარამიაზე - ფეიქ-კანტორის, „მთავარი არხის“ აწ უკვე ყოფილ დირექტორზე.
ნიკა გვარამია, ერთი შეხედვით, მარტივი და ბევრისთვის მომაბეზრებელი არსებაა. თუმცა, სინამდვილეში, იგი, როგორც კულტურულ-ეგზისტენციალური ფენომენი მეტად სიმპტომურია. ის წარმოადგენს დღევანდელი ეპოქის გაბატონებული ტრენდის - ლიბერალური-პოსტ-მოდერნიზმის განსხეულებას. მისი ფრაზა, რომ 21-ე საუკუნეს ფაქტები კი არა აღქმები წარმართავს, სწორედ პოსტ-მოდერნულობის (თუ დავაზუსტებთ, პოსტ-მოდერნის ვულგარული ნაირგვარობის) მამოძრავებელი პრინციპია. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რაც მოხდა? მთავარია ის, თუ როგორ ვაჩვენებთ ხალხს. მთავარია, ჭიქას ყურს საიდან მოვაბამთ! თუმცა, არა. ჭიქისთვის ყურის მობმა - ეს უფრო ინტერპრეტაციის ხელოვნებაა, უფრო საკუთარი პოზიციის მართებულობის ფართო მასებისთვის წარდგინების ხელოვნებაა. გვარამიას პოსტ-მოდერნიზმი კი არის ბანალურ „ფეიქებსა“ და ისტერიულობაზე აგებული, - უკიდურესად ვულგარული თვით პოსტ-მოდერნულობის სტანდარტების მხრივაც კი.
გვარამია არის პოსტ-მოდერნულობის იმ ხაზის გამგრძელებელი, რომელიც ებრძვის ყოველივე ტრადიციულსა და შინაარსიანს, - ცივილიზაციის იმ მონაპოვრებს, რომლებიც ადამიანს ადამიანობას უნარჩუნებს და ადამიანს ბიომასად (!) გადაქცევისაგან იცავს. რელიგიის ლანძღვა, ტრადიციაზე გავეშებული შეტევა, დამსახურებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით ძაგება და დამუნათება - ეს პოსტ-მოდერნული შინაარსია. ხოლო გვარამიასეული ლამის მანიაკალური პერფორმანსები, უკიდურესი პანიკიორობა, ტირილი პირდაპირ ეთერში, ფქვილის სახეში შეყრა, გაუთავებელი ლანძღვა-გინება - ეს ვულგარული, აგრესიული პროვინციალიზმის მიერ მინიჭებული ფორმაა. მიზანი კი შურისძიებაა ცივილიზაციასა და კულტურაზე.
რა არის შურისძიება? მოდით ჩავიდინოთ მკრეხელობა და პრიმიტიული მედია-მენეჯერის ანალიზიდან ონტოლოგიის სფეროში გადავინაცვლოთ. ადამიანის არსებობა, მისი ყოველი წამი, ნაკლოვანებით არის ნაკურთხი. ჩვენი არსებობა ფუნდამენტურად ნაკლოვანია. ჩვენ ყოველთვის, მეტ-ნაკლები სიმძაფრით, განვიცდით ამ ნაკლოვანებას - უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი ამ ნაკლოვანებას სრულფასოვნად იაზრებს და მას პროფესიული სრულყოფისა და ეთიკური ცხოვრების წინაპირობად გაიხდის, ზოგი კი ... ხდება გვარამია, ანთხევს გესლს, შურს, ბოღმას და ნაკლოვანებასთან გამკლავებას ტყუილებითა და სხვების დამცრობით ლამობს. ასეთები ნაკლოვანების პრინციპს გარემოზე შურისძიების წყაროდ აქცევენ.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ გვარამია ცალკე აღებული შემთხვევაა - არა, ის ეპოქის სიმპტომია, მისი გარდაუვალი ეგზემპლიარია - იმ ეპოქის, რომლის მედია-აქტორები ეკრანებიდან სიყალბესა და ღვარძლს აფრქვევენ. სწორედ ასეთებზე თქვა თავის დროზე ნიცშემ: „ისინი ანთხევენ ნაღველს და ამას უწოდებენ გაზეთს“. მაშინ, მეცხრამეტე საუკუნეში, ნიცშემ იმ ეპოქის ნიშნები ამოიცნო, რაც ჩვენ, ციფრული-საინფორმაციო კულტურის შვილებს საერთოდ აღარ გვაკვირვებს - მედია-მენეჯერები, სიცრუის გენერირება, პიარის დიქტატურა, რეალობის გაუქმება და ვირტუალურის გაბატონება.
დავუბრუნდეთ გვარამიას. ის, როგორც ვთქვით, ამავე დროს, არა ლიბერალური მოვლენა. მისი ესთეტიკა, მისი სოლიდარობა ლგბთ თემისადმი, მის მიერ განსხვავებული აზრისთვის „რუსეთუმეობის“ ისტერიული წოდება - ეს ყველაფერი გვარამიას იმ გლობალური ტრენდის ნაწილად აქცევს, რაც მთელს პლანეტაზეა გამეფებული. არგუმენტირებული დისკურსის ნაცვლად სხვათა აზრის დამუნათება, „მოღალატის“ და „აგენტის“ დაუფიქრებლად წოდება, პიარ-ტექნოლოგიის ლიბერალური დიქტატი, ნეო-ტრაიბალიზმი, რომლის მიხედვითაც, ვინც ჩვენს ტომშია კარგია, ვინც არა - ცუდი. აი, ეს ის ლიბერალური ტრენდია, რაც გამეფებულია, ხოლო ნიკა გვარამია მისი ერთი თვალსაჩინო ეგზემპლიარია! ამ თვალსაჩინოებას კი, ცხადია, მენტალური პროვინციალიზმი განაპირობებს, - ანუ ჩვენს თანამოქალაქეთა ნაწილში გამეფებული მიდრეკილება, რომ ხარბად დაეწაფონ „ცენტრში“ გამეფებულ ტენდენციებს, ხოლო ცოცხლად ყოფნით გამოწვეული გარდაუვალი ნაკლოვანების განცდა (ეგზისტენციური უფსკრული) მზა იდეოლოგიური ფორმულებით შეავსონ. ამით ისინი თავს მიანებებენ დემონს, რომელიც ადამიანს ბიომასად აქცევს, აუქმებს რა პიროვნულობისა და სინდისის რეგისტრებს.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022