06/06/2022
16:56
საზოგადოება
ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლოს შესახებ პირველად ერთი თვის წინ შევიტყვე. მანამდე, საერთოდ არაფერი ვიცოდი მათი წინა ისტორიის შესახებ და მათი სასამართლოს ტირაჟირებაც კულტურის ინდუსტრიის მორიგ ტრიუკად მივიჩნიე, რომლითაც ჩვენი ტვინის ამაოებით ამოვსება სურდათ. თუმცა, ჯონი დეპის გამარჯვებამ აზრი შემაცვლევინა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განსხვავდებოდა ლიბერალური პარადიგმის მთავარი ხაზისგან. ეს გადაწყვეტილება გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს ლიბერალური კულტურული პოლიტიკების გადალახვის საქმეში.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სასამართლომ მომჩივანის სქესის (ქალობის) გამო არ მიიღო გადაწყვეტილება, შევიდა ფაქტობრივ სიღრმეებში და იხელმძღვანელა სამართლებრივი კრიტერიუმებით და არა ლიბერალური იდეოლოგიის კლიშეებით.
ჩვენ გვახსოვს მრავალი შემთხვევა, როდესაც ქალები უჩიოდნენ კაცებს მრავალი წლის წინ ჩადენილი საქციელის გამო. მთელ რიგ შემთხვევებში, უნდა ვივარაუდოთ, ეს გამართლებულიც იყო. თუმცა, აშკარაა, რომ ქალები vs კაცები- დაპირისპირებამ, ამაზრზენად ლიბერალური ხასიათი მიიღო.
ჩვენ ხშირად ვხედავდით, რომ ამერიკაში (და არამარტო) ადგილი ჰქონდა ერთგვარ რევანშიზმს. შაკვანიანები თეთრებს აწმენდინებდნენ ფეხსაცმელებს, ხოლო ქალის მიერ კაცისთვის წაყენებული ბრალდებაც კი, კაცს ერთგვარად „იურიდიულად წამგებიან“ პოზიციაში ტოვებდა და მისთვის, ხშირ შემთხვევაში, საბოლოო განაჩენს წარმოადგენდა.
ისტორიულ ჭრილში რომ შევხედოთ, ეს არცაა დიდად გასაკვირი. წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ და უეცრად ვიღაცამ შემოგილაწუნათ. თქვენი ბუნებრივი რეაქცია პასუხის დაბრუნება, ე.ი. რევანში იქნებოდა. ზუსტად იგივე ხდება ახლაც. თეთრკანიანები ჩაგრავდნენ შავკანიანებს? - ახლა შავკანიანები ცდილობენ პასუხის დაბრუნებას. კაცები ჩაგრავდნენ ქალებს? - ახლა კაცებმა უნდა ითმინონ გარკვეული უსამართლობანი. უბრალოდ, თუ ქუჩაში მოსიარულეს შემთხვევაში ყველაფერი წამებში ხდება, რასობრივ და გენდერულ საკითხებში მასშტაბი წლები და ათწლეულებია. რას ვიზამთ - ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას. ადრე თუ გვიან, ბევრი ჩხუბისა და აყალ-მაყალის შემდეგ, ყველაფერი დაიწმინდება: შავკანიანები და თეთრები გამონახავენ მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმებს, ქალებშიც დაიკლებს რევანშიზმის განცდა, ხოლო კაცებიც უფრო გულწრფელები იქნებიან საპირისპირო სქესის წინაშე.
ამ რევანშისტული ლოგიკიდან თავდახსნა მნიშვნელოვანია, რადგან აშკარაა, თუ გვინდა, რომ ოჯახის მოდელი გადარჩეს, ის უნდა დაეფუძნოს ერთგვარ პარიტეტს - ტოქსიკური ფემინურობის (თუნდაც მეუღლის ლოგინში მოსაქმებით რომაა გამოვლენილი) და ტოქსიკური მასკულინობის ეფექტურ მართვას და წყვილს შორის ურთიერთგაგების ზრდას.
კონსერვატორებმა არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ თანამედროვე ქალისთვის მიმზიდველი იქნება ოჯახის ის ფორმები თუ პრაქტიკები, რომელიც წარსულში იყო დანერგილი. ტექნოლოგიების განვითარებამ ფიზიკური ძალის (რაც მამაკაცის „პრივილეგია“ იყო) როლი შეამცირა. ამან წარმოშვა ქალში თვითცნობიერების გაზრდა და ემანსიპატორული
მიდრეკილებები. ხოლო, მამაკაცს გაუჩინა ერთგვარი უკმაყოფილება ქალის ამ მისწრაფებების გამო, რაც საკუთარი როლის დაკნინებად და ეგზისტენციურ რყევებად დაუფიქსირდა. ერთმა უკიდურესობამ (ხისტმა პატრიარქალურმა ოჯახმა) შვა მეორე (ულტრა-ფემინიზმი და ოჯახის ინსტიტუტის დაკნინება). ისტორიულ დროში კი, აუცილებელია ვიმუშაოთ ამ ორის სინთეზზე - არახისტ ოჯახზე, სადაც ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა იქნება წარმმართველი. ამ სინთეზის მიღწევა კი შეუძლებელია სახელმწიფოს ეკონომიკური და იდეოლოგიური ხელშეწყობის გარეშე.
სინთეზი არის ხსნა!
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022