28/06/2022
12:21
ანალიტიკა
დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საგარეო, გეო-პოლიტიკურ შეხედულებათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ძირითადი ხედვა. ამ ოთხი ტიპის ხალხს, აქვთ ტელევიზიები, ჰყავთ პარტიები და მეტ-ნაკლებად იდეოლოგიზებული მხარდამჭერები. სწორედ ამ ოთხის დაპირისპირება და ბრძოლის შედეგი განსაზღვრავს მეტწილად საქართველოს უახლოესი ათწლეულების მომავალს.
1. პირველ კატეგორიას რადიკალი პროდასავლელები წარმოადგენენ. ეს ხალხია, რომლებისთვისაც დასავლეთი არის ხსნა და ფინანსების წყარო. მათთვის მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ დასავლეთის ნაწილი და ეს რის ფასად მიიღწევა, არ აქვს მნიშვნელობა. ასეთები, ყველაფერზე არიან წამსვლელები - რუსეთთან ომზე, ქვეყნის დაზიანებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის რეპრესიაზე - ოღონდაც დასავლეთი იყოს. თანაც, მათი გაგება დასავლეთისა არის ლიბერალურ-სამომხმარებლო; ეს არის დასავლეთი, რომელიც არის ერთგვარი „სამომხმარებლო კულტურის მექა“; მათ ფსევდო-რელიგიური აღტკინების უკან იმალება გვიანი ხანის „ჰომო სოვიეტიკუსის“ კომპლექსები: რომ „მერსედესი ჯობს ჟიგულს“, „როკი აკრძალული ხილია“, „რომ დასავლეთში სექსი არის (განსხვავებით საბჭოთა კავშირისა)“. ფაქტია, რომ გვიანი საბჭოთა და ადრეული პოსტ-საბჭოთა ეპოქის კომპლექსები ქართულ პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს.
ამ სეგმენტს ახასიათებს საწინააღმდეგო აზრისთვის „რუსეთუმეს“ იარლიყის მიკერება. ამ კატეგორიის ხალხი ძირითადად გვიანი „ჰომო სოვიეტიკუსის“ იდეური ან გენეტიკური მემკვიდრეები არიან. ასეთი ადამიანებისთვის აზრი არ აქვს იმის თქმას, რომ დასავლური დოვლათი, დასავლური კეთილდღეობა კოლონიალიზმის შედეგია და რომ ლიბერალურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, შეიძლება სუვერენტიტეტის დათმობას ნიშნავდეს. ამ ხალხისთვის დასავლეთი არის აბსოლუტური სიკეთე, ხოლო რუსეთი- აბსოლუტური ბოროტება.
2. მეორე კატეგორიის ხალხს ზომიერი პროდასავლელები შეიძლება ვუწოდოთ. ისინი პროდასავლურ კურსს ემხრობიან, მაგრამ არ იტანჯებიან აგრესიული რუსოფობიით და დღევანდელ დასავლეთს უფრო პრაგმატულად უყურებენ. ამ კატეგორიის ხალხი მოქმედებს დევიზით: „შევიდეთ დასავლეთში, მაგრამ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა“. მათ მაგალითად მოჰყავთ უნგრეთი და პოლონეთი, რომლებიც არიან ევროკავშირში, მაგრამ, ავად თუ კარგად, კონსერვატიული და ეროვნული დღის წესრიგის გატარებას ახერხებენ.
ამ მეორე კატეგორიაში, თავის მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ ორი ქვეკატეგორია - პირველი, რომელიც მომხრეა, რომ ევროპისკენ სვლის პარალელურად, აქტიური მოქმედებები ვაწარმოოთ რუსეთთან. ეს ქვეკატეგორიის ხალხი მულტი-ვექტორულობის პოლიტიკას აღიარებს.
მეორე ქვეკატეგორიის ადამიანები კი, ამგვარ მოქმედებებს უაზრობად მიიჩნევენ, რადგან „რუსეთმა უკვე ბევრჯერ მოგვატყუა“ - ასეთები, არ იაზრებენ რუსეთმოძულეობისა და დასავლეთმადიდებლობის მანიქეველურ ნარატივს, მაგრამ რუსეთთან რაიმე ტიპის დიალოგს უაზრობად მიიჩნევენ. მათ მაგალითად მოჰყავთ ის უამრავი ტკივილი, რაც რუსეთმა მოგვაყენა - ოკუპაცია; 2008 წლის ომი; 90-იანი წლების მოვლენები; 78 წლის მოვლენები, როდესაც რუსეთს უნდოდა ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმება; ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება; მე-19 საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ანექსია; ერთი სიტყვით, ამ ქვეკატეგორიის ეროვნული ხალხი იაზრებს ლიბერალური დასავლეთისგან მომავალ კულტურულ საფრთხეებს. თუმცა, ლგბთ-პრაიდის ჩატარების მცდელობა, დასავლეთის ნეოკოლონიური პრაქტიკები და არასამთავრობო სექტორის თავგასულობა, ჯერ კიდევ ვერ გადაწონის რუსეთის მიერ ბოლო 220 წელიწადში საქართველოსთვის მოყენებულ ტრავმებს.
3. არსებობს მესამე კატეგორიის ხალხი, რომელიც საერთოდაც მიიჩნევს, რუსეთი არის ჩვენი გეოპოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი. ასეთები ფიქრობენ, რომ გეოპოლიტიკური გარდატეხები საქართველოს აქცევს რუსეთის გავლენის ზონად; ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნული კულტურისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, ასევე ტერიტორიების აღდგენისთვის, საჭიროა რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე აღმოჩენა. ხშირ შემთხვევაში, ამის დასტურად მოჰყავთ საერთო რელიგია და გეოპოლიტიკური გარდაუვალობა, რასაც მრავალპოლუსიანი სამყარო დაბადებს.
მათთვის დასავლეთი არის დირექტივების, არასამთავრობოებისა და ლიბერალური მავნებლობების წყარო, რომელთაგან სრულყოფილი დახსნის საშუალებად მიჩნეულია ჩრდილოური საგარეო ორიენტაცია. მათთვის სუვერენიტეტის ამაღლების გზა გადის კონსერვატიულ გეოპოლიტიკურ სივრცეზე. ისინი მიყვებიან პრაგმატიზმს და მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ბევრი კი გვავნო, მაგრამ, ამავდროულად, შემოიტანა მთელი რიგი სიკეთეები: განათლების სისტემა, ოპერა, მეტრო, ურბანიზაცია, დაგვიცვა მუსულმანური კულტურის გავლენისგან, აჭარა დაუბრუნა საქართველოს, შექმნა პირობები ქართული კულტურის რენესანსის პერიოდისთვის (მეოცე საუკუნის 60-იანი - 80-იანი წლები); ერთი სიტყვით, ეს კატეგორია რუსეთის მიერ ჩვენთვის გაკეთებულ „კარგზე“ აპელირებს და „ცუდის“ წარსულში დატოვებას და რუსულ-ქართული ურთიერთობების განახლებას ესწრაფვის.
4. მეოთხე კატეგორია პირველს მოგვაგონებს. თუ პირველისთვის დასავლეთია ხატი და საფიცარი, მეოთხე კატეგორიის ხალხისთვის ასეთია რუსეთი. ამ კატეგორიაში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო სახელმწიფოებრიობის ღირსი არ არის. ზოგი მათგანი იმასაც კი მიიჩნევს, რომ რუსეთის გუბერნიად ქცევაც ნორმალურ პერსპექტივაა. ამ ხალხისთვის, დასავლეთი არის აბსოლუტური ბოროტება, ხოლო რუსეთი აბსოლუტური სიკეთე.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022