26/05/2022
14:24
ანალიტიკა
მსოფლიო ისტორიაში ტურბულენტური პერიოდები მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო, შედარებით მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი მსოფლიო ისტორიაში ძალიან იშვიათობა იყო, შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს პერიოდი იყო რომის პერიოდი ძვ.წ I საუკუნიდან, ა.ხ წ II საუკუნემდე (მარკუს ავრელიუსამდე), მეორე პერიოდი- 1871-1914 წლებში (ხანგრძლივი ევროპული მშვიდობა) და მესამე პერიოდი იყო ცივი ომის ეპოქა.
შესაბამისად, კაცობრიობის ბოლო 4000 წლიანი ისტორია რომ ავიღოთ, დაახლოებით 300-400 წელი იქნება სტაბილური, მეტ-ნაკლები მშვიდობის პერიოდი. ეს ჩვენთვის, იმ თაობისთვის, რომლებიც შევეჩვიეთ გლობალურ მშვიდობიანობის ეპოქაში ცხოვრებას და არ ვიმჩნევდით მნიშვნელოვან კატაკლიზმებს, არის ძალიან არაკომფორტული გასააზრებელი და ამიტომ, თვითმოტყუების რეჟიმში ვართ, საკუთარ თავს ვაჯერებთ, რომ ეს კრიზისი გადაივლის და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება.
ამ დებულების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისტორიას არ აქვს უკან დაბრუნების რეჟიმი. კი, ის რაღაც ფორმებს, რაღაც მოვლენებს მეტ-ნაკლები მსგავსებით იმეორებს, მაგრამ მას არ შეუძლია წარსულისკენ სვლა.
ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ახალი „ბნელი ეპოქა“. ალბათ, ბევრ თქვენგანს მოეჩვენება რომ „ბნელი ეპოქა“ ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ მოდით მსოფლიო ისტორიაში ვნახოთ რას უწოდებდნენ ბნელ ეპოქას.
პირველი ასეთი პერიოდი იყო ე.წ ბრინჯაოას ხანის კრიზისი. ამ კრიზისამდე არსებობდა უძველესი ცივილიზაციები, რომლებსაც ჰქონდათ ჰქონდათ მაღალი კულტურა, მაღალი სამომხმარებლო დონე, სადაც სურსათი და სამომხმარებლო პროდუქცია დეფიციტური არ იყო. ამ დროს რაღაც დიდი კატაკლიზმი იწყება და ცივილიზაციები ქრებიან, ხალხები იწყებენ მიგრაციას, ცხოვრების დონე საგრძნობლად ეცემა, კულტურა ვარდება, დამწერლობა ქრება, საზოგადოების მილიტარიზაცია იწყება და ა.შ. ზუსტად იგივე მოხდა ძველ საბერძნეთში კრეტა-მიკენის კულტურის დაცემის შემდეგ, იქაც იწყება ბნელი ეპოქა და მესამე ბნელი ეპოქა იწყება რომის იმპერიის დაცემიდან, კარლოს დიდამდე.
დღეს მსოფლიო იშლება მაკრო-ზონებად, სამომხარებლო ბაზარმა უკვე კორონა პანდემიის დროს იგრძნო თავის თავზე პირველი დარტყმები, ეხლა კი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და პროდუქტების დეფიციტია, ენერგორესურსების ფასი იზრდება, სამომხმარებლო საზოგადოება მაქსიმალურ დისკონფორტს გრძნობს.
მე, წინა პუბლიკაციებში არაერთხელ მისაუბრია არსებულ კრიზისზე და მის საერთაშორისო ასპექტებზე. ეხლა კი მინდა ერთ-ორი სიტყვა ვთქვა როგორი საზოგადოება შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალ „ბნელ ეპოქაში“, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ დღეს:
1. ჩინური მოდელი - ჩინეთში უკვე დაიწყო ე.წ რეიტიგნგების სისტემის შექმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ დაბალი რეიტინგი, მათ სოციალურ სიკეთეებზე აღარ მიუწვდებათ ხელი, ვერ იშოვიან სამსახურს და რეალურად გაწირული იქნებიან. ეს სისტემა აძლევს მართველ კლასს საზოგადოებაზე კონტროლის საკმაოდ მძლავრი მექანიზმი. ამას ემატება მკაცრი ვერტიკალური პოლიტიკური სისტემა, რომელსაც კრიზისების დროს შეუძლია საზოგადოების ეფექტური მართვა. უნდა ითქვას რომ ჩინური მოდელი, ჩინეთის მიღმა ვერ იმუშავებს, რადგან ცივილიზაციური ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება
2. არქაო-მოდერნიზმი - აფრიკული სცენარი. აზროვნების ტოტალური არქაიზაცია, იმ დროს, როდესაც გარედან იკვებება სხვადასხვა მაღალი ტექნოლოგიებით. აფრიკის კონტინენტი მოსახლეობას ორ არჩევანს აძლევს: 1) ტოტალურ გასამხედროებულ ტრაიბალიზმში დარჩნენ, თავისი არქაული აზროვნებით და მოდერნიზმის იმ ფორმებზეც თქვან უარი, რა ფორმებიც კოლონიალურმა სისტემამ შემოიტანა; 2) მიგრაციის ახალი ტალღების გაძლება ჩრდილოეთისკენ (ევროპისკენ)
3. ისლამური სამყარო - აისისის მაგალთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის შემთხვევაში რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალა არის ისეთი ისლამური იდეოლოგია, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდება: 1) მეგა-მილიტარიზაციისკენ და 2) საზოგადოების ტოტალურ კონტროლისკენ. ეს არის ახალი ისლამური ტოტალიტარიზმები, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებია მაღალ მობილიზებას და მის კონტროლს ახალ „ბნელ ეპოქაში“
4. ფაშიზმის აღზევება - რუსმა მარქსისტმა ბორის კაგარლიცკიმ რუსულ-უკრაინულ ომს, რუსულ იმპერიალიზმს, აღმოსავლეთ ევროპელების ანტირუსულ დისკურს და მათ მინი-იმპერიალისტურ ამბიციებს, ზოგადად რუსოფობიურ განწყობებს დასავლეთში უწოდა- „ფაშისტების შორის გარჩევები“. ლიბერალური საზოგადოება, რომელიც რეალურად სამომხმარებლო საზოგადოებაზეა დაშენებული, პროდუქტების დეფიციტურ ეპოქაში ვეღარ იარსებებს. რადგან მემარცხენეობა დასავლეთში წელშია გადატეხილი, ყველაზე ეფექტური საშუალება ამ კრიზისის მართვის დროს იქნება ფაშისტური და ნახევრად ფაშისტური რეჟიმების შექმნა, რომელიც მოახერხებს საზოგადოების მობილიზაციას და მართვას. ჩვენ უკვე თავად ევროპაში ვხედავთ ფაშისტურ ტენდენციებს. სხვადასხვა ნაციონალისტები უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ მათი „იმპერიების“ აღდგენაზე, მათი ერის გამორჩეულობაზე და ა.შ. არსებიული ეპოქა ფაშისტურ ძალებს არა მარტო რეაბილიტაციის, არამედ კვლავ სათავეში მოსვლის საშუალებას აძლევს (განსაკუთრებით კი ეს ევროპას ემუქრება)
5. კეთილდღეობის ზონების შენარჩუნება და იზოლაციონიზმის პოლიტიკები - გლობალურ კრიზისის დროს, ზოგიერთი ძველი განვითარებული სახელმწიფო შეინარჩუნებს კეთილდღეობის გარკვეულ სტანდარტებს. ესეთი სახელმწიფოები როგორც წესი, დიდი სახელმწიფო იქნება ევრაზიის კონტინენტის მიღმა, როგორიცაა აშშ-ი, კანადა, ავსტრალია. იზოლაციონიზმის პოლიტიკის გამკაცრება და მისი კარჩაკეტილობა იქნება ერთ-ერთი განმაპირობებელი კეთილდღეობის შენარჩუნების.
ეს ყველა რეჟიმი იარსებებს, გარკვეულ გეოპოლიტიკურ ქაოსში, სადაც დაპირისირებული მხარეების რაოდენობა საკმაოდ დიდია და სადაც აქტიურად მიმდინარეობს ლოკალური კონფლიქტები. ამ კრიზისებს ის საზოგადოება უპასუხებს ადეკვატურად, რომელიც შეძლებს მაღალი მობილიზაციის და დისციპლინის მექანიზმების გამოვლენას, ეს კი თავისი არსით ეწინააღმდეგება ლიბერალურ ცხოვრების წესს.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022