13/09/2021
13:51
საზოგადოება
და როცა კონგრესი დასრულდა, 21 სექტემბერს, ამ დიდი საერთაშორისო ფორუმის თითოეულ მონაწილეს ქართველმა მასპინძლებმა სიურპრიზი მოუმზადეს – სურნელოვანი საჩუქარი, რომელიც სასიამოვნო თბილისურ მოგონებად დარჩათ: თბილისის პარფიუმერულ-კოსმეტიკური ფაბრიკის „ივერიის“ მიერ სასუვენირო ბარათებით გაფორმებული ოთხი ახალი სუნამო – “თბილისის ცა”, “ფრესკის ღიმილი”, “თინათინი” და “ავთანდილი”.
დღეს რუსული ინტერნეტ-აუქციონებით თუ დაინტერესდებით და პარფიუმერიულ პროდუქციას დაათვალიერებთ, აუცილებლად თვალში მოგხვდებათ ქართული წარმოების სუნამოების სიმრავლე და მათი საკმაოდ მაღალი საწყისი ფასი, რომელიც 100-დან 150 დოლარამდე მერყეობს. ალბათ, ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვები: „ქართული სუნამოები? იყო ჩვენთან სუნამოების წარმოება? როდის ამზადებდნენ საქართველოში პარფიუმერულ პროდუქციას?“.
დიახ, იყო და თან საკმაოდ განვითარებულიც – ისეთი პოპულარული, რომ დღესაც კი ახსოვთ სუნამოების ხარისხის ჭეშმარიტ შემფასებლებს.
ქართულ პარფიუმერიას თავისი ხანმოკლე, მაგრამ ღირსეული ისტორია აქვს.
კოლხი მედეას ბაღებიდან ვახტანგ მეექვსის წიგნამდე
სუნამოებს ანუ არომატულ, სურნელოვან ნივთიერებებს საქართველოში უძველესი დროიდანვე იცნობდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შუა საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი საქარავნო გზები გადიოდა, მოდიოდნენ ქარავნები იმ ქვეყნებიდანაც, სადაც სუნამოებს ამზადებდნენ – ეგვიპტიდან, ინდოეთიდან, სპარსეთიდან, ჩინეთიდან… ბუნებრივია, მათ მოჰქონდათ „სურნელოვანი წყალი“, რომელიც საკმაოდ ძვირად ფასობდა. თვით საქართველოშიც ბევრი ისეთი მცენარე ხარობდა, რომლის სურნელი სასიამოვნო იყო და ამრიგად, მათ დიდებულთა ცოლები ხშირად იყენებდნენ თავმოსაწონებლად.
საქართველოში წარმოებული საპარფიუმერიო ნედლეულიდან განსაკუთრებით ფასობდა ევგენოლის რეჰანი. ქართული ბაღის რეჰანი, სხვა მცენარეებთან ერთად, ჯერ კიდევ „ორფიკულ არგონავტიკაში” არის მოხსენიებული, კოლხეთის დედაქალაქში გაშენებული ჰეკატეს ჯადოსნური ბაღის აღწერისას. ამ მხრივ საინტერესოა მე–18 საუკუნის გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის და მედიცინის ისტორიკოსის კურტ შპრენგელის კვლევა – 1792 წელს გამოცემული „მედიცინის ისტორიის“ ხუთტომეული, რომელიც კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება. დასახელებულია მედეას ბაღის 36 სამკურნალო, არომატულ-სურნელოვანი მცენარე
ქართული სუნამოს ტრადიციებზე საუბრისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მეექვსის მიერ რუსეთში დაწერილი “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა”, თუმცა, რასაკვირველია, ამ წიგნით ყველაფერი ვერ ითქმება.
ეთერ-ზეთების წარმოება და ფაბრიკა „ივერია“
სუნამოების წარმოებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სურნელოვანი ეთერ-ზეთების შემცველი მცენარეების გაშენებას, რომელიც ნედლეულად გამოიყენება.
რუსეთის იმპერიაში პარფიუმერიის განვითარების კვალობაზე, მე-19 საუკუნის მიწურულს ნაფარეულში ეთერზეთების პირველი მომცრო ქარხანა გაიხსნა, თუმცა დროსთან ჭიდილს ვერ გაუძლო და 1913 წლისთვის დაიხურა. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეთეროვანი ზეთების პირველი ქარხნები საქართველოში 1928-1929 წლებში აშენდა, კერძოდ, სოხუმში. 1931 წლისათვის ეთერზეთოვანი კულტურების 10 მეურნეობა უკვე ათასობით ჰექტარ პლანტაციებს ამუშავებდა. 1950-იან წლებში კი მსგავსი მეურნეობები შეიქმნა მარნეულში, ლაგოდეხში და სხვა რაიონებში.
საბჭოთა პერიოდში საქართველოს გააჩნდა ეთერზეთების წარმოების მდიდარი ტრადიციები: პირველ რიგში ვგულისხმობთ ვარდის, ქინძის და ევკალიპტის ზეთების წარმოებას. ასევე საქართველოს პირველი ადგილი ეკავა ტროპიკული და სუბტროპიკული ზეთების წარმოებაში. მაგრამ რაც შეეხება ადგილობრივ პარფიუმერიას, 1950-იანი წლების ბოლომდე ქართული წარმოების მხოლოდ ვარდის წყალს თუ შეიძენდით.
1959 წელს ქართული პარფიუმერული დარგის შექმნა, როგორც იქნა გადაწყდა და თბილისში პირველი საპარფიუმერიო-კოსმეტიკური ფაბრიკა “ივერია” აშენდა – მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდუბეში, რომლის პირველი ხელმძღვანელი სტანისლავ გიორგაძე გახდა. 1961 წელს პარფიუმერიის ახალბედა ქართველმა ოსტატებმა ქართული სუნამო შეიმუშავეს და სახელად “ივერია” უწოდეს. პირველი პარტია ლაბორატორიული წესით დამზადდა, გაფორმება კი ეროვნული ელემენტების გათვალისწინებით ხდებოდა.
1963 წლიდან ქართულ საპარფიუმერიო წარმოებას 17 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ყიფიანი ედგა სათავეში. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ასეთი ფაბრიკა ერთადერთი იყო ამიერკავკასიაში. მთელი საიდუმლო იმით გამოიხატებოდა, რომ საპარფიუმერიო-კოსმეტიკურ ფაბრიკა “ივერიას” საკუთარი ნედლეულის ძალზე მდიდარი ბაზა გააჩნდა. გარდა სუნამოებისა, “ივერია” აწარმოებდა ნელსაცხებელებს, ფერ-უმარილებს, სურნელოვან ზეთს, საპონს, თმის საღებავებს, კბილის ფხვნილს, რომლებისთვისაც 18 დასახელების ეთეროვანი ზეთი გამოიყენებოდა. მართლაც დაუჯერებლად ჩანს, რომ საქართველოში მზადდებოდა ბაღის პიტნის, ჟასმინის, ნარინჯის, ხარისვარდას, დაფნის, ქაფურის ხისა და სხვა ეთეროვანი ზეთები.
როდესაც “ივერიამ” საკუთარი ეროვნული ნაწარმის გამოშვება დაიწყო – 1960-იანი წლების ბოლოდან, ცხადია, წარმოებაში მაინც რჩებოდა სუნამოების ისეთი ლიცენზირებული ფორმულები, როგორებიცაა “წითელი ყაყაჩო”, “რომეო და ჯულიეტა” “რიტმი” და სხვა, რომლებიც მთელ საბჭოთა კავშირში პოპულარობით სარგებლობდა.
1980-იანი წლების ბოლოსთვის ფაბრიკა „ივერიას” კოსმეტიკური და პარფიუმერიული პროდუქციის ასორტიმენტი 150-მდე სახეობას შეადგენდა და ის საქართველოს ფარგლებს გარეთაც გადიოდა. ქართული სუნამოები კონკურენციას უწევდა როგორც მოსკოვის, ასევე სხვა ქალაქებში არსებული პარფიუმერული ფაბრიკების ნაწარმს, მაგალითად, რიგის ცნობილი პარფიუმერული ფაბრიკის „ძინტარს“-ის პროდუქციას.
ქართული სუნამოები: ნოსტალგიური გახსენება
აი, ქართული სუნამოების ნიმუშები, რომლებსაც „ივერია“ 1970-იანი წლებიდან 1980-იან წლების ბოლომდე უშვებდა:
„ნონა“ და „ნანა“
სუნამოები მიეძღვნათ ქართველი მოჭადრაკე ქალებს – ნონა გაფრინდაშვილს და ნანა ალექსანდრიას, რომლებმაც 1970-იანი წლებისთვის დიდი წარმატებები მოიპოვეს საერთაშორისო სარბიელზე, მსოფლიოს მასშტაბით. „ნონას“ აქვს ჟასმინის, შროშანისა და აყვავებული ბერგამოტის თბილი, რომანტიული არომატი. გამოდის ლამაზი, უნიკალური კერამიკული ფლაკონით“, – ასეთი წარწერაა ჰქონდა სუნამოს კოლოფს. რაც შეეხება სუნამო „ნანას“, ის მზადდებოდა ყვავილოვან-ალდეჰიდური მსუბუქი არომატით, ჟასმინის, ვარდის, იის, ირისის, მიხაკის და ამბრას არომატით, რომელიც შეეფერებოდა შედარებით ახალგაზრდას, ვიდრე უკვე გამოცდილ და დაბრძენებულ „ნონას“.
„აბესალომი“ და „ეთერი“
ქართული ხალხური ეპოსის „ეთერიანის“ გმირების – აბესალომისა და ეთერის სიყვარული ტრაგიკულია, მაგრამ მათი სახელების სუნამოები ოპტიმიზმითაა განმსჭვალული: „სიყვარული მაინც იმარჯვებს სიკვდილზე“. ზაქარია ფალიაშვილის ამავე სახელწოდების ოპერა საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ როცა 1967 წელს ქართველმა რეჟისორმა ლეო ესაკიამ მხატვრული ფილმი გადაიღო, ქართველმა პარფიუმერებმა ლეგენდის გმირების სახელთა უკკვდავყოფა გადაწყვიტეს. სუნამოები „აბესალომი“ და ეთერი“, ერთ კოლოფში შეფუთული, ერთად იყიდებოდა, თუმცა პირველს მამაკაცის სახელი აქვს, მეორეს ქალის. ორივე სუნამო სეყვარებულ ქალ-ვაჟს შეეფერება, ანუ დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, გენდერულ-უნივერსალურია. „ეთერის“ შემადგენლობა: ბერგამოტი, ილანგ-ილანგი, ია, კარდამონი, ამბრა… „აბესალომის“ შემადგენლობა: შროშანა, ლიმონი, ბერგამოტი, ჟასმინის, სანდალი, მუსკუსი…
„სალამური“
1970 წლიდან მთელ საბჭოთა კავშირში გახდა ცნობილი ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ გოგონები იყვნენ. ანსამბლის წევრები მუსიკალურ ინსტრუმენტებად იყენებდნენ გიტარას, საქსაფონს, კლავისინს და, რა თქმა უნდა, ქართულ ეროვნულსაც – მაგალითად, სალამურს. სუნამო „სალამური“ ისეთივე ცხოველმყოფელი და სასიამოვნოა, ისეთივე აღმაფრენას იწვევს, როგორც ქართული სალამურის მელოდია. შემადგენლობა: ალდეჰიდები, ბერგამოტი, ლიმონი, მანდარინი, ია, გერანი, ჟასმინის, ამბრა…
„მხოლოდ თქვენთვის“
საბჭოთა ქალებს შორის ეს სუნამო ძალზე პოპულარული იყო – ჯერ ერთი, რომ სასიამოვნო სახელი ჰქონდა, „პიროვნული“ თვალსაზრისით, მეორე კი – მისი მიმზიდველი არომატი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა, სურნელოვანი შლეიფი ქალს უკან მიჰყვებოდა და მამაკაცების ყურადღებას იქცევდა… ყვავილოვანი კომპოზიცია სიმშივიდის, სიწყნარისა და კომფორტის განწყობას ქმნიდა.
„ფრესკის ღიმილი“
სუნამო შეიქმნა ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნახატის „ფრესკის ღიმილის“ საფუძველზე, რომელიც მისტიკურია და მაყურებელს ხიბლავს. სუნამო გამოირჩევა სურნელის მედეგობით, „შიპრის“ ჯგუფიდან, აღმოსავლური გადახრით, უმაღლესი კატეგორიით. საბჭოთა მშრომელი ქალებისათვის საუკეთესო საჩუქარს წარმოადგენდა. დღეისათვის „ფრესკის ღიმილი“ იშვიათობაა და მის შეძენაზე ბევრი კოლექციონერი ოცნებობს. სუმანოს კოლოფს ერთ მხარეზე გუდიაშვილის ნახატი ამშვენებს, მეორე მხარეზე კი – წარწერა დასახელებით და ფაბრიკის ემბლემით.
„ოდიში“
ამ სუნამოს დასახელება ქართული ისტორიული მხარის – ოდიშის სახელწოდებას გულისხმობს. ოდიში სამეგრელოს ნაწილია, მოიცავს მდინარეებს – ენგურსა და ტეხურს შორის მდებარე ტერიტორიას. „ივერიამ“ „ოდიშის“ გამოშვება 1980 წლიდან დაიწყო. სურნელი ისეთი აქვს, როგორიც ციტრუსებით და ეთერზეთული მცენარეებით მდიდარ მხარეს შეეფერება – ლიმონის, მანდარინის, გერანის არომატით. შედიოდა „ექსტრას“ ჯგფში.
——————–
1991 წლიდან დაწყებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად „ივერია“–ს ბაზაზე ჩამოყალიბდა კომპანია – სააქციო საზოგადოება „ივერია“ (სს „ივერია“), რომელიც კვლავ აგრძელებს პარფიუმერული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებას. სს „ივერია“ – ში დღესაც მუშაობენ თანამშრომლები, რომლებმაც შრომითი საქმიანობა პარფიუმერულ-კოსმეტიკურ ფაბრიკა „ივერიაში“ მისი დაარსების დღიდან დაიწყეს.
დღეისათვის თბილისში, გუდაუთის ქუჩაზე მდებარე „ივერია“დღეისათვის 21 სახის პროდუქტს აწარმოებს, მაშ შორის თმის მოვლის საშუალებებს (შამპუნი, საბავშვო შამპუნი, თმის ბალზამი, თმის კონდიციონერი, თმის ნიღაბი, თმის საღებავი), კანის მოვლის საშუალებებს (ხელის კრემი, საბავშვო კრემი, სახის კრემი, გაპარსვის შემდგომი კრემი, ფეხის კრემი, ლოსიონი), პირის ღრუს მოვლის საშუალებებსა (სამკურნალო-პროფილაქტიკური კბილის პასტა და კბილის მათეთრებელი) და პარფიუმერიას (ოდეკოლონი, სუნამო, ტუალეტის წყალი). გარდა ამისა, ათვისებულია მაღალხარისხიანი ახალი ქართული შამპუნ-ბალზამის „ივერიის“ წარმოება, ფუტკრის რძისა და ალოე ვერას ექსტრაქტით.
მოამზადა სიმონ კილაძემ – ქართულ და უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით:
https://aromo.ru/brands/iberia/?fbclid=IwAR1tBcffQ47fJLOY2F-cCNI4K3DbF2cJDVqERmclrBEi61Q8Yd2iybf1fJ0
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022