29/10/2021
17:16
სხვადასხვა
„1300 კილომეტრის მქონე კავკასიონის ქედის მყინვარები ძირითადად იალბუზსა და მყინვარწვერის (ყაზბეგის) მთებს შორის არიან განლაგებული. ისინი მტკნარი წყლის უმნიშვნელოვანეს წყაროებს წარმოადგენენ, ხოლო მათი ბუნებრივი დნობით წარმოქმნილი ჩამონადენით გაჩენილ მდინარეებზე მრავალი ჰიდროელექტროსადგურია აგებული. აქედან გამომდინარე, მყინვარების კადასტრების შექმნა-დაზუსტება ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს.
კავკასიის მყინვარები მსოფლიოში იმ მყინვარებს მიეკუთვნება, რომლებიც ყველაზე კარგად არის შესწავლილი. მათი პირველი ინვენტარიზაცია მე-20 საუკუნის დასაწყისში - 1910 წლისათვის მოხდა და კავკასიის სამხედრო-ტოპოგრაფიული გადაღებებს ეფუძნებოდა: იმ დროს ცნობილი იყო 1329 მყინვარი 1967 კვ.კმ. საერთო ფართობით. მეორე აღწერა საერტაშორისო ჰიდროლოგიური ათწლეულის ჩარჩოებში განხორციელდა (1965-1974 წლებში). იმ დროს აეროფოტოგადაღებების, ტოპოგრაფიული რუკებისა და საველე დაკვირვების შედეგად დაზუსტდა, რომ კავკასიონზე 2002 მყინვარია 1422 კვ.კმ. საერთო ფართობით.
მყინვართა მესამე აღწერა ჩატარდა 2000-2020 წლებში შვეიცარიელი, რუსი და ახალზელანდიელი მკვლევარების მონაწილეობით და ლევან ტიელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის (ახალი ზელანდია) მკვლევარი გახლავთ.
გლაციოლოგებმა შეისწავლეს 1999-12002 წლებში კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით გადაღებული ფოტომასალები და ისინი შეუდარეს 2019-2020 წლებში გადაღებულ ფოტომასალებს, იმუშავეს აგრეთვე ადგილზეც. საბოლოო ჯამში მათ კავკასიის მთავარ ქედზე დააფიქსირეს 2186 მყინვარი 1382±58 კვ.კმ. ფართობით. მათგან 67, 4% რუსეთის ტერიტორიაზე, 32,3% - საქართველოს და 0,3% - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მყინვარები საშუალოდ 3430 მეტრზე მდებარეობენ ზღვის დონიდან.
თუ კავკასიონის ყველაზე დიდ მყინვართა სამეული 2000 წელს ასე გამოიყურებოდა - ბეზენგი და დიხსუ (რუსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი) და ლეხზირი (საქართველო, სვანეთი), 2020 წელს მონაცემები დაზუსტდა და სამეულში დღეს მხოლოდ რუსეთში მდებარე მყინვარები შედის - ბეზენგი, ყარაუგომი (ჩრდილოეთ ოსეთი) და ჯიკაუგენკეზი (ყაბარდო-ბალყარეთი).
2000 წლიდან დღემდე კავკასიონის მყინვართა ფართობი 23±4%-ით შემცირდა (თითქმის იგივე პროცესი მიმდინარეობს ევროპის ალპებშიც). მყინვარის ყველაზე ნელი დნობა ქედის ცენტრში - იალბუზის მთაზე აღინიშნა, ყველაზე სწრაფი კი კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში.
სტატიის ავტორების აზრით, კავკასიის მყინვარების ფართობის შემცირების მიზეზები ჰაერის ტემპერატურის მატებაა - ტერსკოლისა და მესტიის მეტეოროლგიური სადგურების ბოლო წლების მონაცემების ანალიზის საფუძველზე. კიდევ ერთი მიზეზი მზის რადიაციის მატებაა (ატმოსფეროს მდგომარეობის გამო ღრუბლების წარმოქმნა მცირდება). მყინვართა სწრაფ დნობაზე გავლენას ახდენს ჰაერის გაჭუჭყიანება მტვრით და სხვა მინარევებით.
კავკასიის მყინვართა წინა კადასტრების დღევანდელთან შედარება აჩვენებს, რომ მყინვარების ფართობის შემცირების პროცესი, 1911-1960 წლებთან შედარებით, 21-ე საუკუნეში ოთხჯერ დაჩქარდა. სამწუხაროდ, კავკასიის მყინვარები კვლავ მცირდებიან და თუ [გლობალური დათბობა] გაგრძელდება, მათ გაქრობა ემუქრებათ. იგივე საფრთხე ელოდებათ ალპების მყინვარებს 2050 წლისათვის, ჰიმალაებში კი მყინვარების ორი მესამედი 2100 წელს დადნება.
წყაროები: https://tc.copernicus.org/preprints/tc-2021-312/;
https://nplus1.ru/news/2021/10/28/caucasus-glaciers?utm_source=yxnews&utm_medium=desktop&utm_referrer=https%3A%2F%2Fyandex.ru%2Fnews%2Fsearch%3Ftext%3D
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022