05/11/2024
11:37
პოლიტიკა
ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, სადაც ერთმა მოსამართლემ გამოიჩინა წარმოუდგენელი გამბედაობა, პროფესიონალიზმი და კანონის წინაშე ერთგულება, სჭირდება დაცვა - მივიდეთ სააპელაციო სასამართლოსთან 15:00 საათზე, ამ მნიშვნელოვანი პრეცედენტის დასაცავად, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით საპროტესტო აქციის ლოკაციისა და დროის შეცვლა,თეთრიწყაროს მოსამართლის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
მისივე შეფასებით, „დიდ ბრძოლაში გასამარჯვებლად იქნება პატარა გამარჯვებები, რომლის დაცვაც პრინციპულად მნიშვნელოვანია“.
„გუშინ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს, თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ჩანს, რომ ელექტრონული წესით კენჭისყრის შედეგები უნდა გაუქმდეს, რადგან მან დაადგინა, რომ დარღვეულია არჩევანის ფარულობა. ამგვარ დარღვევას ჰქონდა ადგილი ყველგან, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, სადაც ერთმა მოსამართლემ გამოიჩინა წარმოუდგენელი გამბედაობა, პროფესიონალიზმი და კანონის წინაშე ერთგულება, სჭირდება დაცვა. ამიტომ ჩვენ დღეს შევცვალეთ შეკრების ლოკაცია და დრო. მივიდეთ სააპელაციო სასამართლოსთან 15:00 საათზე, ამ მნიშვნელოვანი პრეცედენტის დასაცავად და კარგად გვესმოდეს, რომ ამ დიდ ბრძოლაში გასამარჯვებლად იქნება პატარა გამარჯვებები, რომლის დაცვაც პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0