01/07/2024
13:26
სპორტი
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ჰამბურგში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი, მეხუთე ადგილზე დაასრულა, ორი ეტაპის ჯამშიც მეხუთე ადგილი დაიკავა და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური მოიპოვა.
ქართველმა მორაგბეებმა ჰამბურგში გამართული ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ესპანეთსა (17:12) და ლიეტუვას (10:7) სძლიეს, მეორე დღეს გერმანიასთან 0:28 დამარცხდნენ და 1/4-ფინალში გავიდნენ, სადაც პორტუგალიას ერთი ლელოთი ჩამორჩნენ – 14:21.
მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იყო ნახევარფინალური მატჩი ბელგიასთან. საქართველო საბა არჩვაძის ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ წონასწორობის აღდგენა მოახერხა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის მეორე წუთზე სერგი ჩხაიძემ ჯარიმა გაიტანა, საქართველოს ნაკრებმა 10:7 მოიგო და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის საგზური მოიპოვა. ქართველმა მორაგბეებმა მე-5 ადგილისთვის გამართულ ფინალურ მატჩში იტალია 14:12 დაამარცხეს.
ფინალში ირლანდიამ საფრანგეთს მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა, მესამე ადგილზე კი პორტუგალია გავიდა, რომელმაც გერმანია დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, ხორვატიაში, საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა (14 ქულა), გერმანიაში მონაგარს 12 ქულა შემატა და ჯამში 26 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა.
7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი, გერმანია)
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, თეიმურაზ კოხოძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გიორგი გამყრელიძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
0
0