10/10/2023
12:00
ეკონომიკა
2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 18.3 პროცენტით, ანუ 238.5 ლარით გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 033.4 ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 49.4 პროცენტი შეადგინა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730.0 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285.0 ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 10.1 პროცენტით მეტია.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7 ლარით, ხოლო კაცების – 1 827.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 192.2 ლარი (18.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.1 ლარი (18.8%).
საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. 2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 389.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით.
ამასთან, 2021 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 18.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად, 1 285.6 და 1 675.1 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო სექტორში 258.3 ლარით, ანუ 19.2%-ით გაიზარდა და 1 605.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში – 3 113.8 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით, 52.2 პროცენტით მეტია, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში – 2 601.7 ლარი. ეს მაჩვენებელიც წინა წელთან შედარებით, 10.9 პროცენტით გაზრდილია.
ამასთან, გასულ წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 195.5 ლარით, ანუ 15.9%-ით და 1 423.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი.
0
0