18/04/2024
21:14
სამართალი
თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი ყოფილი სპეცრაზმელი ცნო დამნაშავედ.
მკვლელობის მუხლით ბრალდებულ ყოფილ სპეცრაზმელს, თემურ მგელაძეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თემურ მგელაძე საპატიმრო დაწესებულებას ორ თვეში დატოვებს, რადგან თითქმის ათი თვეა, პატიმრობაში იმყოფება. მგელაძემ აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოში სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
რაც შეეხება მეორე ყოფილ სპეცრაზმელს, რომელიც სასამართლომ შავაძის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, ზვიად ნურიძემ ასევე აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩვენება მისცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ორი სპეცრაზმელის გარდა, საპროცესო შეთანხმებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ შავაძის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სულიკო ვარშანიძის მიმართაც. მას ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც უკვე მოხდილი აქვს.
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომლებმაც დანაშაული არ აღიარეს, მათ შორის აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს, თეიუმურაზ პატარიძეს და ყოფილ სპეცრაზმელს, გიორგი არაბულს, მათ საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ ხვალ გამოცხადდება.
მანამდე ორი ბრალდებულის – ყოფილი სპეცრაზმელისა და აჭარის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და მათ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორი ბრალდებულის საქმე, რომლებიც გვიან დააკავეს ჯერ კიდევ გამოძიებაშია.
0
0