07/12/2021
11:52
საზოგადოება
„ამ დღეების განმავლობაში, კოვიდპასპორტებისა და აპლიკაციების საკითხი აქტუალური იყო. ქვეყანაში არის ორი სხვადასხვა აპლიკაცია, რომელსაც ორი სხვადასხვა დანიშნულება აქვს. პირველია აპლიკაცია Georgia e-Health-ი, რომელიც დაერთებულია ევროკავშირის ერთიან სივრცეზე. შესაბამისად, როდესაც ადამიანი Georgia e-Health-ზე რეგისტრირდება, მისი გამოყენება შეუძლია ევროკავშირს +25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს. ცხადია, აპლიკაცია საქართველოშიც მოქმედებს და ნებიმიერი ადამიანი, რომელსაც ის გადმოწერილი და დაყენებული აქვს, ჩვეულებრივად სარგებლობს თავისი მწვანე სტატუსის გადამოწმებითა და დადასტურებით.
ასევე, ცხადია, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი COVID-19-ის ბარათიც.
რაც შეეხება CovidPass Georgia-ს - ესაა აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოში გამოიყენება. მას 2 დანიშნულება აქვს. პირველია ჩვენი სტატუსის გადამოწმება და ნახვა და მეორეა ჩაშენებული სკანერი, რომლის მეშვეობითაც, აპლიკაცია ახდენს ადამიანის მწვანე სტატუსის იდენტიფიკაციას. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, სულ რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ეს აპლიკაცია გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანი უცხო ქვეყნიდანაა შემოსული და არაა ევროკავშირის ერთიანი სივრცის წევრი. ამ შემთხვევაში, როდესაც საზღვარზე ფიქსირდება მისი სტატუსი, აპლიკაცია ავტომატურად ინახავს ამ სტატუსს.
ტექნიკური პრობლემები უკავშირდებოდა სხვადასხვა ასპექტს. მაგალითად, ბაზაში მონაცემის დაგვიანებით ატვირთვა, არასწორი მონაცემები და ა.შ. ამისთვის, რამდენიმე საინფორმაციო კამპანია წარიმართა და ინფორმაცია განთავსებულია ისეთ ვებგვერდებზე, როგორებიცაა www.provax.ge და ჯანდაცვის სამინისტროს გვერდი. ამასთან, მუშაობს სპეციალური ცხელი ხაზი“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ ვისაც აპლიკაცია არ აქვს, შეუძლია, გამოიყენოს საქართველოში დაბეჭდილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც აქვს QR ან Bar კოდი.
0
0