02/07/2024
21:53
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთო. ჩვემა გუნდმა პირველი მატჩი ლატვიასთან რიგაში გამართა და 55:83 დამარცხდა.
I ტაიმი
მატჩის პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა გუნდების სათამაშო სტრატეგია. ქართველები ფარქვეშიდან ცდილობდნენ უპირატესობის მოპვებას, რაშიც დიდი როლი სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს უნდა ეთამაშათ.
ლატვიის ნაკრების კალათბურთელები კი მწვრთნელის მითითებით შანსს არ უშვებდნენ, რომ სამქულიანი არ ესროლათ.
შედეგად პირველ ტაიმში მათ 19-დან 8 სამქულიანი ჩააგდეს, საქართველოს კი მხოლოდ 4 სამიანი ჰქონდა ნატყორცნი და ოთხივე უშედეგოდ.
პირველი ნახევარი ლატვიამ 45:24 მოიგო.
II ტაიმი
ქართველებმა პირველი სამქულანი მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე ჩააგდეს. ეს გოგა ბითაძემ გააკეთა. ლატვია კი არ ჩერდებოდა, მესამე პერიოდის ბოლო წამზე პერიმეტრიდან კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო და 58:41 დაწინაურდა.
თამაშის სურათიდან გამომდინარე ბოლო 10 წუთში 17-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელი იყო. ლატვიამ პლეი ოფში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 14 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ რიგაში ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის ექვსი ქვეყნის ნაკრები იბრძვის – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა, ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
შეჯიბრების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი ოფში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 4 ივლისს ფილიპინებთან გამართავს. 3 ივლისს კი ლატვია დაუპირისპირდება ფილიპინებს.
რაც შეეხება მეორე ჯგუფს, პირველ გახსნით შეხვედრაში ბრაზილიამ მონტენეგროს 81:72 სძლია.
0
0