19/04/2024
13:41
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ, რაც დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს ოჯახში ძალადობის სტატისტიკის ბოლო 7 წლის მონაცემი და აღნიშნული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გააცნო.
„2017 წელს - რეგისტრირებულია 2143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 72.52%; 2018 წელს - რეგისტრირებულია 4761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 63.12%; 2019 წელს - რეგისტრირებულია 4867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 62.44%; 2020 წელს- რეგისტრირებულია 5204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 65.99%; 2021 წელს - რეგისტრირებულია 4767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 76.17%; 2022 წელს - რეგისტრირებულია 4106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 87.34%; 2023 წელი - რეგისტრირებულია 4101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 86.37%; ეს ციფრები ნათლად ადასტურებს იმას, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, სამინისტროში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებულია და დანერგილია ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს შესაძლებლობას დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე და გამოიყენოს ძალადობის პრევენციისთვის ისეთი ოპერატიული მექანიზმი, როგორიცაა შემაკავებელი ორდერი.
„ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა - 800-ს აღწევს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2020 წლიდან დაინერგა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, ე.წ. ელექტრონული სამაჯური, რომელიც პოლიციას აძლევს საშუალებას რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი.
„კერძოდ მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა. ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია როგორც ორდერის, ისე, ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან თავის არიდებისათვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
0
0