20/04/2024
13:59
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 14-დღიანი ვადა პროცესის გაჭიანურების მიზნით ითხოვა, რის გამოც, გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა ვერ დატოვებს.
“გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, რაზედაც გუშინ გაგვცა უკვე წერილობით პასუხი, რომ აქვს 14-დღიანი ვადა მრავალტომიან საქმეებზე და ლოგიკურია, რომ გამოიყენებს 14 დღის ვადას. 4 პოლიციელის ნარატივი ვერანაირად ვერ იქნება მრავალტომიანი საქმე. რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ემსახურება გაჭიანურებას, მოგვიწევს, დაველოდოთ 26 აპრილამდე”. – აღნიშნა ბითაძემ.
11 აპრილს, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.
“მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს”. – განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0