02/07/2024
09:07
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაშია, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს დღეს ლატვიასთან 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1 ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში განაგრძო და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ იურმალაში გაიარა, სადაც ორი ვარჯიში და ამდენივე სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.
30 ივნისიდან ნაკრები რიგაში ემზადება.
ჯიკიჩმა ლატვიის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ დაასახელა 12-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ოლიმპიადის შესარჩევს ითამაშებს.
ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის ექვსი ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა, ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
შეჯიბრების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი ოფში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
საქართველო vs ლატვია – 2 ივლისი, 20:00
საქართველო vs ფილიპინები – 4 ივლისი, 16:30
0
0