02/07/2024
12:09
სპორტი
გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ - განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
მისი თქმით, აწი საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყველა გამოწვევას თამამდ მიიღებს და ყველა გამოწვევას გაუმკლავდება.
გველესიანმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს ასეთი დახვედრისთვის.
,,მართლა აღფრთოვანებული ვარ. უდიდესი სიხარულია ჩვენთვის, ყველასთვის, ვართ უაღრესად ბედნიერები და ამაყები. ნამდვილად არ ველოდი, რომ იქნებოდა ძალიან დიდი დახვედრა, დიდი ემოციები, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ასეთი მასშტაბის იქნებოდა. ალბათ, დღეს საღამოს, როცა შევიკრიბებით, ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტებით, ვიქნებით ბედნიერები.
ნებისმიერ გამოწვევა ჩვენთვის აწი მიღებულია. ასე რომ ნებისმიერ გამოწვევას ჩვენ თითქოს გავუმკლავდებით. ეს ჩვენთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ და ამით უაღრესად ვამაყობთ", - ამბობს გველესიანი.
ახლა ჯვაროსნების სრული შემადგენლობა ლოკომიტოვის ბაზაზე იმყოფება, ცოტა ხანში სახლებში წავლენ და საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა
0
0