15/02/2024
12:22
კონფლიქტები
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შიშობს, რომ ბაქო შეიძლება ფართომასშტაბიანი ომისკენ წავიდეს ერევნის წინააღმდეგ.
მთავრობის სხდომაზე საუბრისას ფაშინიანმა თქვა, რომ ერევნის შეთავაზებაა, „მიწაზე“ და რუკაზე განისაზღვროს საბჭოთა პერიოდის საზღვრები და მოხდეს მისგან ჯარების გაყვანა. თუმცა, მისი თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს, პერიოდულად აყენებს საკითხს საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ოთხი ანკლავის შესახებ და უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ 30-ზე მეტი სომხური სოფლის ტერიტორია ამჟამად აზერბაიჯანის ოკუპაციაშია.
„აზერბაიჯანი ცდილობს ისეთ ფორმულირებას, რომ მისმა ჯარებმა არ დატოვონ 31 სომხური სოფლის ტერიტორია... სომხეთი ადასტურებს მზადყოფნას კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლის პრინციპები უკვე განიხილება - ეს არის საზღვრების ურთიერთ აღიარება ალმა-ათას 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე. ფაქტობრივად, მხარეებს რჩებათ ტექნიკური სამუშაოები, საკითხის გადასაჭრელად 1991 წლის დე იურე საზღვრის განსაზღვრით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთი თანახმაა საზღვრის დელიმიტაციაზე ან ამ პროცესის ლოკალურად განხორციელებაზე, საზღვრის ნაწილებად დაყოფაზე. "მაგრამ აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, თავს არიდებს ამ ვარიანტს და ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შეიძლება არსებობდეს ამის ერთი მიზეზი - დაიწყოს სამხედრო ოპერაციები საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, სამხედრო ესკალაციაში გადაყვანის პერსპექტივით სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში" - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, ბაქო აგრძელებს პოლიტიკის გატარებას „მომეცი ის, რაც მინდა, თორემ სამხედრო გზით ავიღებ“.
0
0