25/11/2024
10:51
პოლიტიკა
დასახული მიზნების შესასრულებლად მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, დავიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
სონღულაშვილმა პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, გამოწვევა. მადლობა ბატონ ოთარ შამუგიას. გვქონდა შესაძლებლობა, პარლამენტიდან გვეთანამშრომლა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს შესაძლებლობა გვქონდა, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაში. მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ დაწყებულ რეფორმებს და დავიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რათა დასახული მიზნები შევასრულოთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
0
0