18/04/2024
15:40
სამართალი
“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გასულ ღამეს, კანცელარიასთან სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მითითებით სცემეს. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის მდინარაძის ინციდენტის შემდეგ, შურისძიების მოტივით სცემეს:
"ძალიან აგრესიული იყო, ბატონი ვაჟა სირაძე. პერსონალური აგრესია ჰქონდა ჩემს მიმართ. ეს აგრესია იმით გაგრძელდა, რომ მან მოუწოდა, უფრო სწორედ ბრძანება მისცა პოლიციელს, რომ შემოათრიეთო. ორ წამში შემისრუტეს იმ კორდონში, დამაგდეს ძირს და 3-4 კაცი მცემდა. ძირს დაგდებულს მირტყამდნენ წიხლებს და მუხლებს. ერთი ნეკნი მაქვს ჩამტვრეული მარჯვენა მხარეს, ტუჩზე მაქვს და სისხლჩაქცევები.
პოლიციელები აგრესიულები იყვნენ იმ ადგილას, კანცელარიასთან, თუმცა როგორც კი გამოვცდით ეპიცენტრს, არაერთი პოლიციელი მოვიდა და ძალიან ჩუმად, მეუბნებოდნენ, რომ მარჯვენაში გენაცვალეო. თუ რამეს შეიძლება დაუკავშირო ალბათ იმას, რომ მდინარაძესთან მქონდა ინციდენტი, შურისძიების მოტივი ამოძრავებდათ" - ამბობს ელისაშვილი
ელისაშვილი გეგმავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციელების მხრიდან ძალადობის გამოძიების მოთხოვნით მიმართოს.
რამდენიმე დღის წინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა.
0
0