30/01/2025
10:58
პოლიტიკა
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობა მექნება გიმასპინძლოთ თქვენ თბილისში და მეც ვეწვიო ხოლმე ხშირად სომხეთს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა თქვენ, ბატონო მინისტრო მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა გულთბილი მიღებისთვის. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ვიყო დღეს აქ, ერევანში, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი ერევანში, ამ ულამაზე ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობა მექნება გიმასპინძლოთ თქვენ თბილისში და მეც ვეწვიო ხოლმე ხშირად სომხეთს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ მოექცა სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში და რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიული პარტნიორობა დაეფუძნა სწორედ იმ მეგობრობას, იმ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და თანამშრომლობას, რომელიც აკავშირებს და აკავშირებდა ორ ქვეყანას, ორ ხალხს ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ეს ჩარჩო, რომელსაც დღეს უკვე ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, იძლევა შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც დღეს არსებობს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში.
„ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც. სომხეთის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის საკმაოდ ხშირი სტუმრები არიან და გვახარებს ის, რომ იმ სამეულშია, რომლებიც ყველაზე ხშირად სტუმრობენ საქართველოს. დღეს ჩვენ განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ეს თანამშრომლობა არის ფართო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ.
მიხარია, რომ მე და ჩემს კოლეგას გვაერთიანებს სურვილი, რომ წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაში და გაღრმავებაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0