01/07/2024
18:46
სპორტი
გიორგი მამარდაშვილმა პირველ არხზე, „მოამბეში“ ჩართვისას ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.
„ბოლო 2-3 წელი ვმუშაობდით, რომ აქამდე მოვსულიყავით და ის ფეხბურთი გვეჩვენებინა, რაც ევრო 2024-ის ოთხ მატჩში იხილა ქართველმა გულშემატკივარმა. სამწუხაროდ, ბოლო თამაშში არ გაგვიმართლა, რადგან ესპანეთი შეგვხდა, რომელიც, ჩემი აზრით, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და მგონია, რომ ტურნირის მოგებაც შეუძლია.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, ოთხივე დასამახსოვრებელი თამაში იყო. კიდევ გვინდოდა დარჩენა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სახლში ვბრუნდებით. არა უშავს, ისევ დავბრუნდებით დიდ ტურნირებზე და ისევ გავახარებთ ჩვენს ქვეყანას.
რაც შეეხება ჩემ მიერ მოგერიებულ 30 დარტყმას, როგორც ვთქვი, ბოლო 2-3 წელი ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, რომ მაღალი დონის შეხვედრები ჩამეტარებინა, მზად ვყოფილიყავი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ჩემი აზრით, შედეგიც კარგი იყო, მიხარია, გუნდს თუ დავეხმარე.
ემოციურად და ფიზიკურად რთული თამაშები გამოვიდა, ბოლოს ყველანი ძალიან დავიღალეთ – დაგვეტყო, რომ დებიუტანტები ვიყავით.
ჩვენ ახალი თაობა ვართ და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ამ ოთხ თამაშში ფეხბურთის ძალა გამოჩნდა, რომელმაც საქართველო გააერთიანა. ამ პერიოდში მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობდნენ, ამით ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები ვართ. ამიტომ სპორტის განვითარებას ქვეყანაში უფრო მეტი დრო და ენერგია უნდა დაეთმოს.
თუ ვინმემ მანუელ ნოიერს შემადარა, ამით ძალიან ბედნიერი ვარ – ის ჩემი კერპი იყო და მიხარია, თუ მას მადარებენ“.
0
0