26/07/2023
19:41
ეკონომიკა
საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს თავიანთი ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის მიხედვით, 15 ბანკის ჯამურმა მოგებამ 2023 წლის პირველ ნახევარში 1,25 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 422 მილიონი ლარით, ანუ 50%-ით მეტია. მოგების მატება ბანკების შემოსავლების ზრდით არის განპირობებული, 15-მა ბანკმა პერიოდის განმავლობაში 4.2 მილიარდი ლარის საოპერაციო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 829 მილიონი ლარით მეტია.
კონკრეტული წყაროების მიხედვით, ბანკების შემოსავლები ასე ნაწილდება:
• კრედიტები - 2.7 მილიარდი ლარი, მატება 17%, მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან 1.6 მილიარდი, იურიდიული პირების სესხებიდან 1.1 მილიარდი ლარი;
• არასაპროცენტო შემოსავლები - 962 მილიონი ლარი, მატება 36%. მათ შორის ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 307 მილიონი ლარი, საკომისიოებიდან 307 მლნ ლარი, ჯარიმები/საურავები 42 მილიონი ლარი.
რაც შეეხება ხარჯებს, ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის ხარჯები გაიღეს, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა - 981 მილიონი ლარი დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი იყო.
თავად ბანკების მიერ მოზიდული სესხების დაფინანსებაზე კი 434 მილიონი ლარი დაიხარჯა. პერსონალის ხელფასებზე 550 მილიონი ლარი მიიმართა, ფიქსირებული აქტივების შენახვაზე 152 მილიონი ლარი, სხვა არასაპროცენტო ხარჯებზე 249 მილიონი ლარი მიიმართა, აქტივების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული თანხა 236 მილიონი იყო. შედეგად, ბანკებმა 1.47 მილიარდის მოგება მიიღეს, მოგების გადასახადზე გადახდილი თანხა 215 მილიონი ლარი იყო, შედეგად, საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 1.25 მილიარდი ლარი შეადგინა.
წყარო: bm.ge
0
0