10/02/2022
15:16
პოლიტიკა
დაუშვილმა სენაკის საკრებულოსთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ სენაკში საკრებულოს სხდომა ნორმების სრული დაცვით წარიმართა, რადგან წინა სხდომა, რომელზეც მათი გუნდის წევრმა საკრებულო დატოვა და რომელზეც კვორუმი არსებობდა, არ დახურულა, სხდომა კი, სადაც ახალი წევრის უფლებამოსილება ცნეს, წინა სხდომის გაგრძელება იყო.
„გუშინ იყო სენაკის საკრებულოს მე-9 სხდომა და 9 სხდომიდან ექვსს „ქართული ოცნება" არ დასწრებია. რაც გინდათ დაარქვით, საბოტაჟი, გაფიცვა ან სხვა, მაგრამ მდინარაძემ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამას აკეთებენ ერთადერთი მიზნით, რათა შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი სენაკის საკრებულოში და შემდგომ მივიდნენ რიგგარეშე არჩევნებამდე. პროცედურულ ომებზე საუბრობდა რაღაცას (მდინარაძე) და რეალობა ისაა, რომ "ოცნებამ" ომი გამოუცხადა სენაკის მოსახლეობას, ამას აკეთებენ, მეტს არაფერს.
მოსახლეობის პრობლემები ვერ გვარდება იმის გამო, რომ „ოცნება არ ესწრება სხდომებს, ჩვენ რომ გვაბრალებენ ვინმესთან შეკვრას, "ოცნება" როგორ იქცევა?- "ნაციონალური მოძრაობა" როგორც იქცეოდა, როცა არჩევნები წააგო და არ შემოდიოდა პარლამენტში, ზუსტად ასე იქცევიან, წააგეს არჩევნები და არ შედიან საკრებულოში, თავის მოსახლეობას უცხადებენ ომს, გაფიცვას, ბოიკოტს და ა.შ."- განაცხადა დაუშვილმა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ისიც კი შესთავაზეს, რომ სხდომაზე მისულიყვნენ და თავმჯდომარედ მათ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს, თუმცა, ისინი არათუ თვითონ არ გამოცხადდნენ, არამედ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე მოახდინეს ზეწოლა და აუკრძალეს სხდომაზე დასწრება.
0
0