დღეს, პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში მოასპარეზე გიორგი და ინა ქალდანებმა, რომლებიც მეუღლეები არიან, საქართველოს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.
როგორც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი სოციალურ ქსელში წერს, ეს უნიკალური შემთხვევაა როგორც პარალიმპიური, ისე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.
„უნიკალური შემთხვევა ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში - მეუღლეები, გიორგი და ინა ქალდანები ერთ დღეს ორი მედლის მფლობელები გახდნენ. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები საქართველოში მოდის“, - წერს კომიტეტი.
როგორც პოსტშია აღნიშნული, ინა მეორე ქართველი პარაათლეტი გახდა, ვინც მედლის მოპოვება ორ პარალიმპიადაზე შეძლო.
„აღსანიშნავია, რომ ინა მეორე ქართველი პარაათლეტი გახდა, ვინც მედლის მოპოვება ორ პარალიმპიადაზე შეძლო და ქალდანებს, ჯამში, უკვე მესამე პარალიმპიური მედალი აქვთ. ინა ქალდანის ისტორია, ასევე, იმით არის მნიშვნელოვანი და სამაგალითო, რომ ის ტოკიო 2020-ის წინ გახდა დედა და მაშინ, ტოკიოს ვიცე-ჩემპიონობა დამიანე ქალდანს მიუძღვნა“, - აღნიშნულია პოსტში.
ცნობისთვის, მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია.
0
0