
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო „სივრცის“ კითხვებს პასუხობს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება
-ბატონო პაატა, არსებობს თუ არა რუსეთიდან მომავალი რისკები, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე?
-რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან რისკების გამორიცხვა არ შეიძლება. არა მარტო რისკები, საფრთხეებიც არსებობს. საჭიროა მათზე მუშაობა, კარგი ანალიზი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი ვაკეთოთ. ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხეები და რისკები ვაქციოთ საფრთხობელად და საქართველო გავაჩეროთ, გავყინოთ და დაველოდოთ, მსოფლიო როგორ განვითარდება, როგორ გაუმკლავდება რუსეთის გამოწვევებს და ჩვენ საქმეებს ისინი მოაგვარებენ. გვჭირდება, რომ სახელმწიფომ გაიზიაროს რისკები და საფრთხეები, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მათი რისკები და გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოს და მაქსიმალურად გამოიყენოს ისინი საქართველოს სასარგებლოდ. მე მგონია, რომ პოლიტიკური განლაგება და განწყობა არ არის საქართველოს წინააღმდეგ. ისეთი სახელმწიფო, როგორიც არის თურქეთი და რომელიც არის ნატოს წევრი, აშკარად ანგარიშგასაწევი ძალაა რუსეთისთვის. მან ხმა ვერ ამოიღო , როდესაც თურქეთმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს, მხარს უჭერს უკრაინას, შავი ზღვა ჩაკეტილი აქვს, გამოაქვეყნა თავისი ამბიციები სამხედრო შეიარაღებაზე. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფო, რომელმაც მეხუთე დონის თვითმფრინავი გამოუშვა უკვე და პრაქტიკულად, ეს არის მაღალი სამხედრო ინდუსტრიის დონის მქონე სახელმწიფო, ამავე დროს დიდი პოლიტიკური გავლენებით. ჩვენ არ გვჭირდება თურქეთის სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ გვჭირდება მისი პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენ მივდივართ ნატოში და თურქეთი არის ჩვენი გონებრივი მოკავშირე ყველაფერთან ერთად.
-ამ პირობებში რას აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ეს პოზიციები გაიძლიერონ თურქეთთან?
-არაფერს, საერთოდ ხმას არ იღებენ. საქართველო თურქეთთან თანამშრომლობს ძალიან კარგად, ოღონდ ვაჭრობაში, სადაც შეიძლება რუსეთის სანქციების გვერდის ავლა. ეს კარგია, თუ ცუდია, სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ თუ ვთანამშრომლობთ თურქეთთან ძალიან ეფექტურად ვაჭრობაში, საგზაო ინფრასტრუქტურაში, რაშიც ნამდვილად არის წარმატებები, რატომ არ შეიძლება თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის საკითხებში და იმავე პოლიტიკურ საკითხებში? ეს თვალში საცემია და ის, რომ ხმას არ იღებენ საერთოდ თურქეთზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. როცა ამბობენ, რომ ჩვენ პირისპირ დავრჩით რუსეთთან მარტო, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. სომხეთი და მოლდოვაც კი საკმაოდ სერიოზულად იცავენ თავის სახელმწიფო ინტერესებს ისეთი საფრთხობელასგან, როგორიც რუსეთია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს სინქრონში მუშაობა დასავლურ სახელმწიფოებთან, რათა მათი მხარდაჭერით გადავდგათ ნაბიჯები და მათივე რეკომენდაციით არ გავრისკოთ. ჩვენ მარტო ვრჩებით. ამას წინათ ითქვა, რომ საქართველო იწყებს „დრონების“ გამოშვებას. არადა მთელი მსოფლიო თურქეთისგან ყიდულობს დრონებს(!). ანუ ასეთ უცნაურ რაღაცეებს ვაკეთებთ, რაც ძალიან გასაკვირია, მაგრამ ჩემთვის გასაკვირი არ არის. ეს მტკიცებულებაა იმის, რომ საქართველოს არ უნდა თურქეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში. ესე იგი, ეს არის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში - სხვის ინტერესებში ეს არ არის. თეთრი ლაქა ვართ. ყველას ჩვენი ეშინია, რადგან არ იციან - დასავლეთი ვართ, თუ რუსეთი - ვის თამაშს ვთამაშობთ? ამიტომ, ვერავინ ბედავს ბოლომდე გახდნენ ჩვენი მოკავშირეები, რადგან არ იციან, სად აღმოჩნდება საქართველო ერთი-ორი წლის შემდეგ.
-ანუ იმავე თურქეთისთვის ბოლომდე უცნობია საქართველოს რა პოზიცია აქვს?
-სხვადასხვა კონფერენციები, სადაც მონაწილეობენ თურქი ექსპერტები, პოლიტოლოგები, ყველა ამბობს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა არის ძალიან სახიფათო. თურქეთი რუსეთისთვის არის მართლა ოპონენტი. ის არ არის მისი მართლა მეგობარი სახელმწიფო. ის მოკავშირეც კი არ არის. ის არის კონკურენტი სახელმწიფო კავკასიაში, სირიაში - დაპირისპირებული მხარეები არიან, ლიბიაშიც უპირისპირდებიან ერთმანეთს. კავკასიაში უფრო კონკურენტები არიან, ვიდრე დაპირისპირებული მხარეები. ამ ფონზე, მათ ეშინიათ, რომ საქართველოსთან მაქსიმალურად თუ მოხდება თანამშრომლობა, მერე რაღაც ინფორმაციები არ აღმოჩნდეს რუსეთში. ამიტომ თურქეთი გარკვეულ სიფრთხილეს იჩინეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თურქეთს როდესაც ვამბობ, ვგულისხმობ ნატოს წევრ სახელმწიფოს.
-ისევ რუსეთის კონტექსტში რომ ვისაუბროთ, საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება, რომ არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის ამ განცხადებას და რომელი ჯგუფები შეიძლება იყვნენ ისინი, რომლებიც ამ ფინანსებით მარაგდებიან, რა ინფორმაციას ფლობთ?
-რამდენიმე ინფორმაციაც იყო გაჟონილი, მათ შორის, გორჩაკოვის ცენტრზე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში ჩვენი კანონმდებლობით, რომლებიც არ მალავენ, რომ იღებენ დაფინანსებას რუსეთიდან. ასევე იყო საუბარი „ალტ-ინფოზე“, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება.
-თუმცა, დაფინანსება ერთია და მეორეა, რამდენად ხდება გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. ხდება რაიმე გავლენა ამ ჯგუფების მხრიდან?
-ალტინფოს გავლენა ძალიან მკაფიო იყო, გორჩაკოვის ცენტრისა - იმდენად არა. ამ ცენტრიდან ხდება უფრო კვლევები და ის შედარებით ნაკლები პრობლემაა. უფრო სერიოზული პრობლემაა „ალტ-ინფო“, რომელიც ახდენს ძალადობის კულტივაციას. ისინი ძალადობით ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, როგორც იწყებდა თავის მოღვაწეობას ჰიტლერი გერმანიაში. როდესაც ზონდერ-ჯგუფებით ოპონენტებს აჩუმებდნენ, ქუჩაში სცემდნენ, დევნიდნენ, მერე სიკვდილზეც გადავიდნენ, მაგალითად, ცემის შედეგად, ჟურნალისტი ლაშქარავა გარდაიცვალა. ამდენად, საინტერესოა ამ ჯგუფებს საიდან აქვთ დაფინანსება, რომ ასე უტიფრად მოქმედებდნენ.
-ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ხელისფლების პოზიცია მათთან დაკავშირებით?
-არ შეიძლება მოძალადეების ასე მიშვება, საჭიროა მათ მიმართ მკაცრი პოზიციები, რათა მოხდეს მოძალადე ამ ჯგუფების ნეიტრალიზება, გასამართლება და შესაბამისი სასჯელის მიცემა, რადგან დღემდე არ არის დასრულებული 5-6 ივნისის ამბები - უცნობია, ვინ იყო ორგანიზატორი. ხელისუფლების მიერ საქმის ასეთი მიჩუმათება აძლიერებს ასეთ ჯგუფებს.
-ბოლო პერიოდში რუსი პოლიტოლოგებისგან, ექსპერტებისგან და პოლიტიკოსებისგანც ისმის თბილი შეფასებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერებისგან, ლუკაშენკოც თბილად ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს დსთ-შიც ელოდება. რას ფიქრობთ მოვლენათა ამგვარ მიმართულებაზე?
-რუსეთი ყველანაირად ცდილობს მსოფლიოში შექმნას განცდა, რომ საქართველო ყველანაირად მისი გავლენის ქვეშაა და არავინ გაბედოს, რომ საქართველოს ხელი ახლოს. ეს პირველად არ ხდება, როცა საქართველოს მიმართ რუსეთის ესა თუ ის ჩინოვნიკი (აუცილებელი არ არის მაინცდამაინც პირველი პირი პუტინი, თუმცა არც ის დაიხევს უკან) ამაზე ლაპარაკობს. ლავროვი და სხვა დაბალი რანგის ჩინოვნიკები საქართველოს აქებენ და მიაჩნიათ, რომ საქართველო არის ზომიერი მეგობარი რუსეთისა. ამას არ იტყოდნენ რუსეთში, ცოტა უფრო მყარი გარანტიები რომ არ ჰქონდეთ, რომ ეს ასეა. მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მათ აქვთ მყარი გარანტიები, რომ წითელ ხაზებს არ გადავლენ. რა არის ეს წითელი ხაზები? მაგალითად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოს ხმა რუსეთის წინააღმდეგ გაეროში - გაეროს რეზოლუციებზე. მეტიც, საქართველომ საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებას მისცა ხმა, როცა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა შეიტანა განაცხადი ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ და თავადაც მოაწერა ხელი ამ განცხადებას, ანუ რაღაც კოლექტიურ მოქმედებებში საქართველო ჩართულია და ეს ძალიან უცნაურია. პირადად დავასკვენი, რომ იქ, სადაც პროცესი მიდის საქართველოს გარეშე, რეზოლუციას მაინც მიიღებენ. ამიტომ ინსტრუქცია არსებობს მოსკოვიდან, რომ „პროცესს, რაც ჩემ წინააღმდეგ მიდის, ჯანდაბას, მიეცი ხმა, რათა შენ საზოგადოებაში იყოს განცდა, რომ შენ მუშაობ რუსეთის წინააღმდეგ“, მაგრამ აქ იწყება წითელი ხაზი - „არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა შენსა და უკრაინას შორის კავშირი, სადაც რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ ომს. რუსეთს აქვს თავისი ინტრერესი უკრაინასთან - ეს არის ვიღაც ნარკომანი ზელენსკის პრობლემა, ოდესღაც პრობლემა ჰქონდა ვიღაც სააკაშვილთან. ანუ მსოფლიოში უნდა ჩანდეს რომ მსხვერპლი - საქართველო ახლა აიგივებს თავს უკრაინასთან. ისეთ განცხადებებს მოისმენ ხელისუფლებისგან უკრაინაზე, რომ ვერ გაიგებ, ვინ დაესხა თავს უკრაინას. ვერ გაიგებ, რომელმა სახელმწიფომ მიიღო 2023 წლის პარლამენტის რეზოლუცია. სათაური რომ არ წაიკითხოთ, ტექსტში არ წერია საქართველო. ანუ ძალიან ნეიტრალური პოზიციები აქვს, რათა მოხდეს დისტანცირება. ეს სჭირდება რუსეთს იმისთვის, რომ საქართველო არ აიგივებდეს თავს უკრაინასთან როგორც მსხვერპლი. მერე გეტყვიან, რა შუაშია აქ საქართველო?
დღეს საჭიროა მთელი ენერგიის მიმართვა რუსეთის იმპერიალიზმის გამოააშკარავებისკენ, რასაც სჭირდება მეტი მონდომება და მეტი პრინციპულობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
-ბოლო დღეებში ხშირად აყვედრიან ამერიკულ მხარეს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობა არ არის სათანადო დონეზე და მაგალითად მოყავთ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა, რომელმაც ორი დღის წინ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. იწვევს თუ არა კრიტიკას ეს მდგომარეობა შეერთებულ შტატებთან?
-ჩინეთი არ არის სანიმუშო სახელმწიფო მიგრაციისთვის. სანიმუშო სახელმწიფო ამ მხრივ ამერიკაა. ამერიკა ჩაკეტილია, ძალიან მკაცრი სავიზო რეჟიმი აქვს, რაც ჩინეთს არ აქვს, ჩინეთს სჭირდება მეტი ხალხი, რაც ამერიკას არ სჭირდება, რომელსაც არ აქვს არც მუშახელის პრობლემა. ამიტომ ასეთი არგუმენტები არის ზალიან უცნაური კორექტულად რომ ვთქვათ. უცნაურია, როდესაც ვერ ხედავენ ამ განსხვავებას. ასეთი ყურით მოთრეული არგუმენტები არის აშკარად უკვე წინასწარ განზრახული არგუმენტები, რათა ჩრდილი მიადგეს ამერიკას. ეს ძალიან ცუდი და მავნე არგუმენტებია. ამ ფორმით უნდათ დაამცირონ ამერიკა.
ესაუბრა ზურაბ თვაური
0
0