06/05/2024
19:06
მსოფლიო
„ტრანსპერენსი ინტერნეიშენელი“ ევროპარლამენტარების საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.
საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ახალი ანგარიშიდან გაირკვა, რომ ევროდეპუტატების დიდი ნაწილი მაღალანაზღაურებად თანამდებობებს იკავებენ ფირმებში, რომლებიც ასევე ლობირებენ ბრიუსელს.
ანგარიშის მიხედვით, ევროპარლამენტარები სხვადასხვა კერძო კომპანიებში არიან დასაქმებულები და ყოველწლიურად საერთო ჯამში დამატებითი შემოსავლის სახით 8,6 მილიონ ევროს იღებენ.
„ტრანსპერენსი ინტერნეიშენელი“ გამოდის მოწოდებით, რომ ევროპარლამენტარებს სხვა სამსახურებში დასაქმება აუკრძალონ, რადგან სტატისტიკის მიხედვით, 705 ევროდეპუტატის ორი მესამედი სხვა სამსახურებშიც მუშაობს და ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით სამსახურში მეტი ხელფასი ერიცხებათ. ევროდეპუტატების საშუალო ანაზღაურება თვეში 10 000 ევროა.
ანგარიშის მიხედვით, ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი იმ კორპორაციების სამეთვალყურეო საბჭოში წევრად მუშაობს, რომლებთანაც მათი საკანონმდებლო საქმიანობაა დაკავშირებული.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ე.წ. კატარგეითის სკანდალის შემდეგ, ევროპარლამენტარებს შემოსავლების უფრო დეტალური დეკლარირება დაავალდებულეს.
„ტრანსპერენსი ინტერნეიშენელი“ აცხადებს, რომ ახალი წესებით მაინც ვერ ხდება ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ლიეტუველ ევროდეპუტატ ვიქტორ უსპასკიჩს დეკლარირებული აქვს 3 მილიონი ევროს ოდენობით შემოსავალი, რომელიც კომპანია „ედვარვიტადან“ მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ კომპანიას ევროპარლამენტარი და მისი შვილები ფლობენ და მას მნიშვნელოვანი კომერციული ინტერესები აქვს რუსეთში. უსპასკიჩი ცოტა ხნის წინ გარიცხეს ევროპარლამენტის ცენტრისტების პოლიტიკური ჯგუფიდან. ამის მიზეზი მისი ჰომოფობიური გამოსვლები იყო.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი მანფრედ ვებერი ასევე იღებს შემოსავალს სხვა სამსახურიდან და ის წელიწადში 170 000 ათასი ევროს შეადგენს.
ევროკავშირის წესებით, ევროდეპუტატებს შეუძლიათ სხვა სამსახურიც ჰქონდეთ, თუმცა ლობისტური საქმიანობა აკრძალული აქვთ.
0
0