
23 ივლისის ღამეს ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, როდესაც უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ფერისცვალების ტაძარიც განადგურდა, ამავე ეკლესიის მღვდელმთავარმა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ყველა წევრს მიმართა.
ოფიციალური მიმართვა რუსეთის ფედერაციას გაუგზავნა ოდესის ეპარქიის ვიკარიუსმა, არციზის მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა.
„არაერთხელ თქვენ ქადაგებებში საუბრობთ „წმინდა რუსეთის“ ერთიანობაზე, რომელსაც მთლიანად ანადგურებთ თქვენი კურთხევითა და საქმით. ასევე გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ თქვენი პირადი კურთხევით რუსეთის ფედერაციის არმია დღეს პირდაპირ ეომება უკრაინის სახელმწიფოს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე. ჩემი აზრით, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ისევე, როგორც რუსეთში და უკრაინაში, არიან (იყვნენ) თქვენი შვილები, რომლებსაც ხოცავენ ისინი, ვინც თქვენ აკურთხეთ“ - განაცხადა არციზის მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები და მღვდლები აკურთხებენ და ლოცავენ რუსულ ტანკებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საომრად მიდიან და რაკეტებს, რომლებიც შემდეგ დაბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს.
მანვე რუსეთის პატრიარქ კირილს ოდესის ფერისცვალების ტაძრის დანგრევის გამოც მიმართა, რომელიც 23 ივლისის ღამეს ქალაქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განხორციელდა.
„როდესაც მივედი სპასო-პრეობრაჟენსკის ოდესის ტაძარში კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, დავინახე, რომ თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა ჩაფრინდა წმინდა ტაძრის საკურთხეველში, მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას არაფერი აქვს საერთო თქვენს შეგნებასთან. პირადი ამბიციების გამო დაკარგეთ სხვა ეკლესიები ე.წ. „წმინდა რუსეთში".
„მოვითხოვთ შეეშვათ ჩვენ ეკლესიებს, ჩვენ ეპისკოპოსებსა და ჩვენი წინამძღვარს! ჩვენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კრების მიერ არჩეულ გზაზე ვდგავართ. გულწრფელად გთხოვ შეჩერდეთ“ - წერია პატრიარქ კირილისადმი მიმართვაში.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025