ხომ არ იქნება უფრო მეტად დემოკრატიული, რომ პრეზიდენტის არჩევაც ხდებოდეს 6 თვის ვადით, ან მაქსიმუმ ერთი წლით? - ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.
„ამ შეკითხვაზე პასუხი, ალბათ, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო იქნება პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან - რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევა ხდებოდეს 6 თვის ვადით, ან მაქსიმუმ ერთი წლით? თუ კი ფიქრობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მიზანშეწონილია, ხდებოდეს 6 თვის ვადით, ხომ არ იქნება უფრო მეტად დემოკრატიული, რომ პრეზიდენტის არჩევაც ხდებოდეს 6 თვის ვადით, ან ერთი წლით? ეს, პოლიტიკურ ჯგუფებსაც ხომ არ მისცემს უფრო მეტ სივრცეს შეთანხმებისთვის და დისკუსიისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამაზე, გიორგი მსხილაძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი კონსტიტუციაში უკვე გაწერილია.
„ეს ალბათ, უფრო პათეტიკური შეკითხვა არის. პრეზიდენტის არჩევა არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ბოლო ცვლილებებამდე, პრეზიდენტის არჩევა ხდებოდა 6 წლის ვადით, სახალხო არჩევნებით. ხოლო 2024 წლიდან, კონსტიტუციაში შედის პრეზიდენტის არჩევის ახალი ნორმა და იცით, ეს პროცედურა როგორც უნდა განხორციელდეს“, - მიმართა ანრი ოხანაშვილს გიორგი მსხილაძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლიდან პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნებით აღარ აირჩევენ - საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია.
ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
0
0