
„რას იტყვის, რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი – ამაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება საქმე, ან გაგრძელდება , თუ არა“, – ამის შესახებ მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატმა შარაშიძის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ფიზიკური დაპირისპირების საქმის შესახებ ისაუბრა.
ნიკოლაიშვილის თქმით, შარაშიძის მიმართ ბრალის წაყენება ჯერჯერობით ვერ მოხდებოდა, რადგან, მისივე განმარტებით, „თუ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, ბუნებრივია, საქმეც არ არსებობს“.
„ვანო მერაბიშვილი 4 დღეა არ გამოჩენილა. როგორც მე გამომძიებელმა მითხრა, ჩემი ინფორმაციით, მას დაუკავშირდნენ, წინააღდეგი არაა მოვიდეს და გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოსო.
თუმცა, მე შევატყვე, რომ მას ეს ინფორმაცია ყურმოკვრით ჰქონდა.
ის რიგითი გამომძიებელია და შეიძლება, ზუსტად არ იცოდეს. ბუნებრივია, მე ვერაფერს მოგახსნებთ მის [მერაბიშვილის] პოზიციაზე. მან, ალბათ, გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს. პრინციპში, თვითონ ეს ფაქტი როდესაც გახმაურდა , მას არ გაუხმაურებია, არც თვითონ გიორგი შარაშიძეს გაუხმაურებია.
სოციალურ ქსელებში ინფორმაცია მესამე პირებისგან გავრცელდა. ამ მესამე პირებმა საიდან გაიგეს, ვიღაცის მონაყოლით, თავად გიორგის მონაყოლით, თუ ვანო მერაბიშვილის მონაყოლით, ამის თქმა რთულია.
აქ ახლა ერთი მომენტია. ბუნებრივია, მის მიმართ ბრალის წაყენება ჯერჯერობით ვერ მოხდებოდა. იმიტომ, რომ თუ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, ბუნებრივია, საქმეც არ არსებობს.
126-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს , რომ კონკრეტულად, თუ არცერთი დაზიანების ხარისხი არ არსებობს, დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი უნდა განეცადა. მაგრამ, განიცადა, თუ არა ფიზიკური ტკივილი – ეს თავად დაზარალებულმა უნდა თქვას.
თუ თქვა, რომ რაღაც ინციდენტი კი მოხდა, მაგრამ, მე არანაირი ფიზიკური ტკივილი არ განმიცდიაო, საგამოძიებო ორგანოებს უბრალოდ ვერ ექნებათ საშუალება, რომ კონკრეტულად ამ პიროვნებას ბრალი წაუყენონ.
როგორ განვითარდება პროცესები დამოკიდებულია იმაზე, ითანამშრომლებს, თუ არა ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან. რას იტყვის, რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი – ამაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს საქმე, ან გაგრძელდება, თუ არა“- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
0
0