
ახლაა ყველაზე ხელსაყრელი დრო, როცა აღარავინ უყურებს რას იტყვის რუსეთი. ხომ იღებენ ფინეთს და შვედეთს?! ხომ მიიღეს მონტენეგრო?! მიიღეთ საქართველო! - სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ნატოს სამიტის მოლოდინებზე სოციალურ ქსელში წერს:
„NATO-ს სამიტის მოლოდინებზე, სანამ შედეგები გამოცხადდება
1. თურმე MAP-ის გარეშე ნატოში მიღება შეიძლება?!
როცა 2018 წელს, მაშინდელი სამიტის წინ, დავწერე, MAP-ი საქართველოს არ სჭირდება, ისედაც შეიძლება წევრი გახდეს, არსებული ინსტრუმენტების ფარგლებში მეთქი, კრიტიკა მოჰყვა. როგორ შეიძლება MAP-ის გარეშეო. ანა-ბანას ყვებოდნენ, თურმე სამოქმედო გეგმა ყოფილა. არადა მაშინდელ პოსტში ისიც დავწერე როდის და რატომ შემოიღეს MAP-ი და მისი დანიშნულება არ მეცოდინებოდა?
მაშინ MAP-ის გარეშე მიღება იმით ავხსენი, რომ სამოქმედო გეგმა ვადებს არ აწესებს, ე.წ. მე-5 მუხლს არ ითვალისწინებს, ანუ ვერ გვიცავს, საფრთხეებს კი უფრო ზრდის.
ოპოზიციის მხრიდან უკრაინასთან შეჯიბრის ყიჟინა ამორალურია.
2. რას ეუბნებიან უკრაინას?
პირველ რიგში ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ქვეყანა, მოსახლეობა ომშია. მიუხედავად მისი ხელისუფლების ჩვენს მიმართ არაადეკვატური ნაბიჯებისა, არ მენანება თუ ამ გზაზე წარმატებას მიაღწევს.
უკრაინას ეუბნებიან, რომ ჯერ ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს, სახელმწიფო უნდა გადარჩეს, შემდეგ მოხდეს უკრაინის მიღება.
ამ ვითარებაში, როცა მე-5 მუხლის გამო წევრად ვერ იღებ, MAP-ის ამოგდება არაფერს ცვლის, რადგან ომის შემდეგ წევრობისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად ასევე დაიწერება სამოქმედო გეგმა, რომელსაც MAP-ის ნაცვლად სხვა სახელი ერქმევა და ასევე არ იქნება დაწესებული ვადები.
ამიტომ ვილნიუსის სამიტზე MAP-ის გაუქმებაზე უკეთესი იქნებოდა ვადის დაწესება, დავუშვათ არაუგვიანეს 1, 2 ან 5 წლისა. ვადის დაწესების შემთხვევაში, აღარ ექნება მნიშვნელობა MAP-ით მიიღებენ, თუ მის გარეშე.
ჰო, თუ უკრაინა რუსეთს ამ ომს მოუგებს, მერე MAP-ით მიიღებენ, მის გარეშე, თუ NATO შევა უკრაინაში, რაღა მნიშვნელობა ექნება. უსაფრთხოების პრობლემა ახლა უდგათ და თუ მაგრები ხართ, ახლა დაუდექით გვერდით, ექიმის გამოწერილი წამალივით რომ უზოგავთ ტექნიკას და ტყვია-წამალს.
3. საქართველოც და უკრაინაც, განსაკუთრებით საქართველო, შეეძლოთ აქამდე მიეღოთ NATO-ში. MAP-დან წევრობამდე წლების განმავლობაში შეიძლება ალოდინო ქვეყანა, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება. დღევანდელ რეალობაში კი MAP-ი, ან მუდმივი განცხადებები, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და ეს არაა მესამე ქვეყნების საქმე, თავს ზემოთ დაკიდული მახვილივითაა. ჩვენ კი ვამბობთ, არაა მესამე ქვეყნის საქმეო, მაგრამ აგერ შეიჭრა და მიწასთან ასწორებს.
4. ვილნიუსის სამიტის ირგვლივ ოპოზიცია ისევე მავნებლურად იქცევა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას. დეტალებში აღარ შევალ.
ჰო, რაღაცას ბოდიალობენ, პრემიერი არ ჩავიდაო. ვითომ არ ახსოვთ ამ ერთი-ორი თვის წინ ღარიბაშვილის ვიზიტები ბრიუსელსა და რეიკიავიკში, როცა სტოლტენბერგთან შეხვედრისას გაცხადდა, რომ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრით იქნებოდა წარმოდგენილი.
მოლოდინი იგივეა, რაც წინა სამიტებზე.
5. ადრე NATO ამბობდა, საქართველო მზადაა, მაგრამ... და იწყებოდა რუსეთზე მინიშნებები, რომ ელოდებიან უკეთეს დროს, რეფორმებზე აკეთებდნენ მინიშნებებს. საქართველოს მიღების შნო თუ აქვს NATO-ს, ახლაა ყველაზე ხელსაყრელი დრო, როცა აღარავინ უყურებს რას იტყვის რუსეთი. ხომ იღებენ ფინეთს და შვედეთს?! ხომ მიიღეს მონტენეგრო?! მიიღეთ საქართველო!
P.S. ამ თემას არ ეხება. უბრალოდ თვალს ვადევნებდი პარლამენტში თავდაცვის კოდექსის განხილვას. როგორც დასმული კითხვებიდან ირკვევა, ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ოპოზიციის დეპუტატებს კანონპროექტი არ წაუკითხვათ“ - წერს სალუქვაძე.
0
0