„მეცის“ გულშემატკივართა საიტმა Socios FC Metz სეზონის მთავარი მატჩების წინ გიორგი მიქაუტაძეზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
საიტი წერს, რომ ფორვარდი შედეგიანობით პლეი-ოფის მატჩებშიც გამოირჩევა.
„რა იქნებოდა მის გარეშე? ამ შეკითხვას უპასუხოდ დავტოვებთ, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა თავდამსხმელმა სეზონის პირველ ნახევარში ნახევარი წელიწადი ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა, ის „მეცს“ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შანსის მოპოვებაში მაინც დაეხმარა. იანვარში დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ 11 გოლი და 3 ასისტი მიითვალა და პრაქტიკულად მარტომ გადაარჩინა გუნდი გავარდნას.
და როდესაც საქმე პლეი-ოფზე მიდგა, „მეცი“ და მათი მწვრთნელი ლასლო ბოლონი ალბათ ისევ თავიანთი „მეფე ჟორჟის“ იმედად არიან. მას პლეი-ოფში წარმატებისთვის ორჯერ უკვე მიუღწევია, როდესაც სერენში გამოდიოდა.
პირველად მიქაუტაძემ პლეი-ოფში 20 წლის ასაკში, ბელგიის მეორე დივიზიონში, 2020/21 წლების სეზონის მიწურულს, ბევერენის წინააღმდეგ ითამაშა, როდესაც სერენში „მეციდან“ იყო განათხოვრებული. ლიგის 21 მატჩში 19 გოლის გამტანმა ფორვარდმა პლეი-ოფში 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა (პირველი მატჩი 1:1, საპასუხო 5:2). მან გადამწყვეტი როლი ითამაშა თავისი გუნდის ჟუპილერ ლიგაში აღზევებაში.
იგივე მოხდა მომდევნო სეზონში. ამჯერად სერენი ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი-ოფში მოლენბეკს დაუპირისპირდა და კვლავაც მიქაუტაძემ გაახარა სერენელები, რომელიც ორრაუნდიან დაპირისპირებაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. როგორც ამბობენ, სადაც ორჯერ, იქაც მესამედ“, - წერს საიტი.
0
0