
მიმდინარე წლის 28 ივლისს გალში მოკლული ნათია ბახტაძის დედამ ღია წერილი გამოაქვეყნა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, ასევე, შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრს, მის მოადგილესა და ე.წ. ომბუდსმენს ანა ქიშმარიას მიმართა. ამის შესახებ „ეხოკავკაზა“ იტყობინება.
„ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა და ნათიას ცხედარი ჯერაც არ არის ნაპოვნი. არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი დაეხმარნენ მას ცხედრის მოშორებაში. გთხოვთ, დააკავოთ და დაკითხოთ აინარ ცვიჟბა, მისი ახლობლები. ისინი ცვიჟბას დანაშაულის დამალვაში ეხმარებოდნენ. გთხოვთ, მაპოვნინოთ შვილის ცხედარი“, - ამბობს ბახტაძის დედა იამზე აგუმავამ თავის მიმართვაში.
აფხაზური მედიის ცნობით, გალში დაკარგულიქართველი ქალის ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე გალის რაიონის „პროკურატურამ“ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წინასწარგანზრახვით მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული, ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრი აინარ ცვიჟბა, რომელმაც არსებული ცნობით, ბრალი აღიარა.
აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს, „ლექსუსის“ მარკის ავტომობილის სალონში მოკლა და შემდეგ, გვამი გადამალვის მიზნით, ენგურჰესში გადააგდო.
ამ ეტაპზე, ნათია ბახტაძის გვამის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაცია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ 31 ივლისს გავრცელდა.
0
0