
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კონფლიქტის მოგვარების გზა პალესტინის აღიარებაა.
„მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით. კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს დაფუძნება და პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც.
„მოვუწოდებთ პალესტინისა და ისრაელის მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, უარი თქვან ძალადობაზე, გამოიჩინონ საჭირო თავშეკავება და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დაიწყონ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ხანგრძლივი და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარებას. ახლო აღმოსავლეთში,“- აცხადებს ზახაროვა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზის სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
8 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე აღწევს, ხოლო დაშავებულია 1 800-ზე მეტი ადამიანი.
0
0