„ჯვარი ვიპოვეთ, ის დაზიანებულია. დიდება უფალს, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ შეიძლება ადამიანები გაეტაცა კიდეც. მიმავალი მანქანა ამოაბრუნა.. საფრთხე იყო ქვის დიდი ნატეხებიც, რომლებიც როგორც ფურცლები, ისე აიტაცა ქარმა“ - ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა რადიო “სივრცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სტიქიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიამ მასშტაბური ზიანი მიაყენა ალავერდის სამონასტრო კომპლექსს. გარდა შენობების დაზიანებების, ქარმა ძირფესვიანად ამოყარა ზეთის ხილის ნარგავები, დააზიანა ისტორიული ცაცხვის ხე, განადგურებულია გალავანთან გაშენებული ვარდის ხეივნები.
„ის, რომ სტიქიის დროს ეპარქიაში არ ვიყავი, ეს იყო ღვთის წყალობა... ასეთი სტიქია ჩვენთვის ძალიან უცხოა და ამ განსაცდელის დროს, აქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად, გარეთ გამოვიდოდი, დავიწყებდი სტიქიის შედეგების თვალიერებას, რაც, არც თუ უსაფრთხოდ ჩაივლიდა ჩემთვის და ჩემთან ერთად მყოფებისთვის... მეორე, როცა გვიან ღამით დავბრუნდი ეპარქიაში, ბევრი რამ ვერ შევამჩნიე კარგად. როცა გათენდა და დღის შუქზე ვიხილე სტიქიის შედეგები, პირველი გრძნობა იყო შემზარავი და საგანგაშო. ზარალი დიდია, ყველა შენობის სახურავის დაზიანება ძალიან მასშტაბურია. რაც შეეხება თავად ტაძარსა და სამრეკლოს, ისედაც უკვე საჭირო იყო მათი რესტავრაცია, რაც მიზეზთა გამო ვერ ხერხდებოდა, და თითქოს ღმერთმა მოგვცა შესაძლებლობა, ამ პრობლემას მეტად ჩავღრმავებოდით, გვენახა გამოსავლის შესაძლებლობა და ამ განსაცდელის დროს სახელმწიფო დაგვდგომოდა გვერდით“, განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტმა ეპარქიაში კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტზეც ისაუბრა. მისი თქმით, დაიგეგმა პირველადი, გადაუდებელი ღონისძიებებიც.
„ადგილზე ჩამოვიდა კულტურის მინისტრი და დაისახა მიზნად, პირველ რიგში, სასწრაფოდ გადაუდებელი საქმე. კერძოდ, გუმბათზე ხარაჩოს დადგმა, რომ სპეციალისტებმა დაზიანების შესახებ ზუსტი დიაგნოზი დასვან. ეს ეხება სამრეკლოს, რადგან დაზიანებები და ბზარები შეუიარაღებული თვალითაც ჩანს გუმბათის ყელზე. როდესაც ალავერდის მასშტაბის ძეგლის რესტავრაცია იგეგმება, ამას კიდევ უფრო მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზება სჭირდება. ვგულისხმობ სპეციალისტების საგანგებო მომზადებასაც. შედარებით მცირე მასშტაბის ძეგლებზე, შესაძლებელია, ერთწლიანი შემუშავებული გეგმაც კი საკმარისი იყოს. ვფიქრობ, რომ ალავერდის კომპლექსს სჭირდება მრავალწლიანი გაწერილი სარეაბილიტაციო გეგმა, სადაც იქნება რიგითობა დაცული და სამუშაოები თანმიმდევრულად წარიმართება. ეს საკმაოდ რთულ სამუშაოს წარმოადგენს თანდართული მასშტაბებით, რადგან ალავერდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძეგლია საქართველოში.“, აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას, ორგანიზაციასა თუ და რიგით მოქალაქეს, რომლებიც სტიქიის ზონაში დროულად მივიდნენ და სალიკვიდაციო ღონისძიებებში დაუყონებლივ ჩაერთნენ.
„გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედით გვავსებს. პირველი სამადლობელი სიტყვა მეთქმის კომპანია „ბადაგონის“ მიმართ, რომელიც პირველი მოვიდა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სტიქიის დასრულების შემდეგ. გუშინვე ღამით კომპანიის თანამშრომლები, თავისი ტექნიკით, ჩაერთვნენ სალიკვიდაციო ღონისძიებებში, დაასუფთავეს კომპლექსის ტერიტორია. შემდეგ მათ შეუერთდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც. დაგვიკავშირდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც დახმარებას დაგვპირდნენ. საქმე იმდენად დიდია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ამ სამუშაოებს ვერ დასძალავს და სხვების დახმარება არის ძალიან საშვენი. დახმარებისთვის მზადაა მრევლიც. მადლობა ყველას, ვინც ეს სურვილი გამოთქვა. ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი არის არა მარტო კახეთის მხარის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გამორჩეული სალოცავია“. - განაცხადა რადიო „სივრცესთან“ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია.
ძლიერმა ქარბორბალამ მნიშვნელოვნად დააზიანა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია: სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025