
15 აპრილს, „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ისრაელის სახელმწიფოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სოლიდარობის აქციის ფარგლებში, დაგეგმილი იყო ისრაელის სახელმწიფოს 75 წლისთავისადმი ღონისძიება „ჰოლოკოსტიდან წარმატებამდე“, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე და ასევე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე.
ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსული იყვნენ ისრაელის ქნესეთის წევრები როგორც სამთავრობო კოალიციიდან, ასევე ოპოზიციის წამყვანი ფიგურები.
დელეგაციას წარმოადგენდნენ - ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი, ოპოზიციიდან ყოფილი მინისტრი და ამჟამად ქნესეთის წევრი მიხაელ ბიტონი, ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხილიკ ბარი.

დელეგაციის ვიზიტი დაიწყო ვარკეთილში ქართველი შინდლერების პარკის, მემორიალისა და ანა ფრანკის 30-მეტრიანი გამოსახულების მონახულებით და გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ 2-წუთიანი ფილმები ჰოლოკოსტსა და ისრაელის წარმატებებზე.
„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლი“ უკვე 10 ქვეყანაში საქმიანობს, ხოლო საქართველოს მაგალითმა აჩვენა, რომ რეალური ისრაელის წარმოდგენა და სახალხო დიპლომატია მეორე მხარისთვის კავშირების ჩამოყალიბების რეალური ხიდი გახდა.
0
0