
„იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის შინაარსი, ქაღალდზე, მოიხაზა ხელით ჩემ მიერ და შეიძლება ითქვას, რომ ეს გახდა საფუძველი იმ პროექტისა, რომელიც დღეს უკვე შეთანხმებულია“ - ამის შესახებ მეუფე დავით აბბა ალავერდელმა ტელეკომპანია „იმედის“ სპეცრეპორტაჟში განაცხადა.

მეუფე ჰყვება, რომ იორდანიაში გამგზავრებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა და დაინტერესდა, თუ როგორი წარმოედგინა მის უწმინდესობას ქართული კულტურის ცენტრი წმინდა მიწაზე.

„მოვინახულე პატრიარქი და ვკითხე, თუ როგორ ჰქონდა მას წარმოდგენილი კულტურის ცენტრი იორდანიაში, დაიგეგმა მოგზაურობა, რადგან ადგილის უნახავად ძნელი იქნებოდა წარმოგვედგინა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სახელწოდებით - ქართული კულტურის ცენტრი. ამ კულტურის ცენტრის შინაარსი, ქაღალდზე, მოიხაზა ხელით ჩემ მიერ და შეიძლება ითქვას, რომ ეს გახდა საფუძველი იმ პროექტისა, რომელიც დღეს უკვე შეთანხმებული არის“ - განაცხადა მეუფე აბბა ალავერდელმა.

პროექტი უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობისა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ, სამუშაო გეგმა კარგად გათვლილი და ზედმიწევნით გაწერილია. თითოეული დეტალი შეთანხმებულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, რომელიც 30 წელზე მეტია საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის საბჭოს ხელმძღვანელობს, უშუალოდაა ჩართული პროექტის შექმნის პროცესში.

„საქართველოს ექნება განსაკუთრებული კულტურის ცენტრი, რომელიც მოყვება ჩვენი ერის სულიერ და მატერიალურ განვითარებას. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ჯგუფს თუ ცალკეულ პირებს შეეძლებათ ჩავიდნენ და მოისმინონ საქართველოს ურთიერთობა აღმოსავლეთთან, მოთხრობილი იქნება ჩვენი წარსული, დღევანდელობა და მომავალი“ - დასძენს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი.

„დაბრუნება წმინდა მიწაზე“ - ამ სახელწოდებით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ სპეცრეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გუშინ გავიდა.
0
0