
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს, მარიკა ბაკურაძეს ქარტიის მეოთხე და მეათე პრინციპების დარღვევა დაუდგინა.
საბჭო მიიჩნევს, რომ ბაკურაძემ დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერების პრინციპები. 28 ნოემბერს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.
ქარტის მეოთხე პრინციპის მიხედვით, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ იყო საჭიროება, რესპონდენტები არ გაეფრთხილებინათ ჩაწერის შესახებ.
რაც შეეხება ქარტიის მე-10 პრინციპს, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. როგორც ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში წერია, განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა რესპონდენტების პირად ცხოვრებაში და მოახდინა მათი იდენტიფიცირება, ახლობლებმა/მეგობრებმა შეძლეს მათი ცნობა, რაც, მათი თქმით, არაეთიკურია, რადგან ეს არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.
როგორც ცნობილია, ნოემბერში, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.
ამავე საკითხზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პერსონალური მონაცემების მოპოვების საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს.
0
0