
„ისრაელის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის ადგილისკენ მიმავალ გზაზე ვიმყოფებოდი - ღაზას სექტორის მონაკვეთზე, რომელზეც ვერტმფრენმა სარაკეტო იერიში მიიტანა.
„ღია ცის ქვეშ ფესტივალის ჩატარების ადგილზე ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ ცდილობენ 250-ზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ცხედრის ამოცნობას. „ჰამასის“ მებრძოლების ცხედრები ისევ იმ ადგილას არის, სადაც ისინი დახოცეს,“ - წერს ბრიტანელი კორესპონდენტი სტიუარტ რამზი.
თელ-ავივში, ერთ-ერთ ბინაში ხოცვა-ჟლეტისგან ორ გადარჩენილ მეგობარს, ჰაი კოენს და ნოამ კენერს, შევხვდი,“ რომლებიც თავდასხმის დეტალებს ყვებიან:
"პირველად რაკეტები დაახლოებით დილის 6:30 საათზე დავინახეთ. რამდენიმე წამის შემდეგ, პოლიციამ მუსიკის შეწყვეტის ბრძანება გასცა და სარაკეტო თავდასხმის შესახებ საგანგებოდ გაგვაფრთხილა. მანქანებით სწრაფად გავიქეცით. სროლის ხმა გვესმოდა. „ჰამასის“ ჯიპები და მოტოციკლები დავინახეთ. „ჰამასის“ მებრძოლები ბავშვებს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებას აძალებდნენ... შემდეგ უბრალოდ ხოცავდნენ მათ," - ამბობს 31 წლის ჰაი კოენი.
„Supernova-ს ფესტივალის ავტოსადგომი სავსე იყო მანქანებით. უზარმაზარი საცობები შეიქმნა, რადგან ფესტივალს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. გადავწყვიტეთ, საცობში ლოდინის ნაცვლად, ხალხი გადაგვერჩინა. უგზო-უკვლოდ მინდორში ვმოძრაობდით, საიდანაც სროლის ხმა მოდიოდა. [ტყვიების] საშინელი ხმა ძალიან ახლო მანძილიდან მესმოდა. წარმოიდგინეთ, რომ რეაგირებისთვის ფიქრისთვის დრო არ გაქვთ. რამდენიმე მეტრის შემდეგ (200-300 მეტრის მანძილზე) ღაზას სექტორის სამხედრო ბაზის მონაკვეთზე აღმოვჩნდით, რომელსაც „ჰამასი“ უტევდა.
კიბუციდან სამი ადამიანის გამოყვანა მოვახერხეთ. ბევრი მათგანი, ვინც ავტოსადგომის საცობში დარჩა, მოკლეს ან მძევლად აიყვანეს. ტერორისტები უბრალოდ მოდიოდნენ იარაღით და ყველას მანქანებში ცხრილავდნენ.
ჯერ კიდევ ვერავინ ვაცნობიერებთ, როგორ გადაიქცა ისრაელის ყველაზე სისხლიან ტერაქტად მხიარული ფესტივალი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ტერორისტი მოვიდოდა და უამრავ უდანაშაულო ადამიანს დახოცავდა, რომლებსაც უბრალოდ მეგობრებთან ერთად ბედნიერად ყოფნა უნდოდათ,“ - თქვა 22 წლის ნოამმა.
0
0