
„მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა ეს პროექტი და ასევე, ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით.
„ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა ამ კანონპროექტის, მეორე, ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, როგორიც არის ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან - ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასდროს განხორციელდება „ბაკურიანის გეგემა“, ანუ, „ენჯეოების“ ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა, რისთვისაც მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა ეს პროექტი და ასევე, ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს“, - აცხადებს კობახიძე
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.
0
0