სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა შესწირეს.
"რას ვიზამთ, ასეთი ეპოქაა, ასეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, რომ სულ თავი უნდა იმართლოს ჩვენნაირმა ხალხმა და სულ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში, თურმე. არ ვაპირებთ თავის მართლებას, არაფერი არა გვაქვს თავის სამართლებელი. ჩვენ შევწირეთ ეს ხატი სამების ტაძარს...ძალიან დიდმა პროფესიონალმა, ცნობილმა ხატმწერმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა დაწერა ეს ხატი, რომელსაც ცოდნაც გააჩნია სათანადო და ცხოვრების წესითაც პასუხობს ხატმწერის კრიტერიუმებს" - ამბობს ირმა ინაშვილი ვიდეომიმართვაში, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ შექმნა მათი დაკვეთით მატრონას ხატი.
ასევე გავრცელდა დავით თარხან მოურავის მიმართვაც:
"ნეტარი მატრონა არის სახელგანთქმული წმინდანი, რომელმაც უამრავი სასწაული აასრულა და ახლაც უამრავ სასწაულს ახდენს.
მისი ხატები არის ათონის მთაზე, იერუსალიმში, საბერძნეთში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
100 000 მოწამის ხატია, სადაც ჯალათები ხმლებით დგანან დიდებულად წარმოჩენილები და ჩვენს წმინდა მოწამეებს თავებს კვეთენ, რა ვქნათ, ეს ხატები დავწვათ?
ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია და არც ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს. ერთადერთი მნიშვნელობა ის არის, რომ ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მეორე - დაიმდაბლა იმ ურწმუნო ხელისუფლებამ ღმერთის წინაშე თავი, მივიდა მატრონასთან რჩევისთვის. აი ამას გამოხატავს და ყველაფერი სხვა დანარჩენი არის სპეკულაცია. - აცხადებს დავით თარხან-მოურავი ვიდეოში, რომელიც "ფეისბუკში" გავრცელდა.
ცნობისთვის, ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა.
0
0