
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაეისი აცხადებს, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებზე დასავლეთის დომინირების ეპოქა დასრულებულია.
ის, ასევე, დასძენს, რომ თეირანმა მოახერხა დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების ჩაშლა.
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე თავის ხორვატ კოლეგასთან ზორან მილანოვიჩთან შეხვედრისას რაეისიმ აღნიშნა, რომ ირანმა სანქციების მიუხედავად დიდ პროგრესს მიაღწია.
„მიუხედავად ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მცდელობისა, დააკისროს თავისი ინტერესები და ღირებულებები მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოახერხა სანქციებისა და ზეწოლის შესაძლებლობად გადაქცევა, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ირანს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მედიცინის სფეროებში თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის წყალობით და გასულ წელს რადიოფარმაცევტული საშუალებებით ერთი მილიონი პაციენტის მკურნალობა გახდა შესაძლებელი.
„აშშ და ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული არსენალი აქვთ, რატომ აფერხებენ სხვა ქვეყნებს, ისარგებლონ ბირთვული ენერგიით?“ - დასძინა მან.
0
0