
უკრაინაში ესტონეთის საელჩომ კიევში ჰაუბიცებისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების გადაცემის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ დიპლომატიური მისიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ, ყველა, ჩვენს 155-მმ-იან ჰაუბიცებს ვაძლევთ უკრაინას და გვინდა, ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი ომის მოსაგებად" - განაცხადა ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა.
საელჩო აღნიშნავს, რომ ეს არის უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი, საერთო ღირებულებით 113 მილიონი ევრო. მასში შედის ათობით 155 მმ FH-70 და 122 მმ D-30 ჰაუბიცები, ათასობით 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, ასობით M2 Carl Gustaf ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი საბრძოლო მასალებით და საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები.
უკრაინაში იარაღის ამ პარტიის გაგზავნის შემდეგ, ესტონეთიდან კიევისთვის სამხედრო დახმარების ჯამური რაოდენობა გაიზრდება 370 მილიონ ევრომდე, ანუ ესტონეთის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ ერთ პროცენტზე მეტი, იტყობინება ესტონური მაუწყებელი, ERR მთავრობაზე დაყრდნობით.
„უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი, რათა შეინარჩუნოს ინიციატივა და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, რომელიც ემზადება თავისი სამხედრო ძლიერების აღსადგენად. უმძიმესი ბრძოლები ჯერ წინ არის", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა და აღნიშნა, რომ ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია მაგალითის მიცემა და ამით სხვა მოკავშირეებისთვის მოტივაციის გაწევა უკრაინის დასახმარებლად.
0
0