
ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ERR-მა მიმდინარე კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics-ი, რომლის წილის მფლობელი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის მეუღლე არვო ჰალიკია, უკრაინაში ომის დროს რუსეთში ბიზნესს აგრძელებდა.
კაია კალასი აცხადებს, რომ მეუღლისა და მისი ბიზნესპარტნიორის რუსეთში საქმიანობის შესახებ ორშაბათს შეიტყო და მას დასამალი არაფერი აქვს. კალასის თქმით, ეთიკური შეხედულებების საფუძველზე, კომპანია Stark Logistics-ი რუსეთში საქმიანობას სექტემბერში დაასრულებს.
„მე ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი სამუშაო და ოჯახური ცხოვრება გამემიჯნა. სამწუხაროდ, ახლა ისინი ერთმანეთს დაემთხვა. ეს საკითხი ეხება ჩემი ქმრის ბიზნესპარტნიორის საქმიანობას, მე არ მაქვს კონტაქტი ჩემი მეუღლის ბიზნესპარტნიორთან და არც დეტალური ინფორმაცია მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ“, – განაცხადა კაია კალასმა.
კალასის თქმით, მის მეუღლეს არ ჰყავს რუსი კლიენტები, აღნიშნული ფირმა ერთ-ერთ ესტონურ კომპანიას რუსეთში საქმიანობის დასრულებაში ეხმარება.
როგორც კაია კალასმა განაცხადა, მისი ქმარი ლოგისტიკურ კომპანიაში მცირე წილს ფლობს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მედია დაუკავშირდა, მეუღლისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აღნიშნული კომპანია უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთში ლოგისტიკურ მომსახურებას ეწეოდა. კალასის ცნობით, კომპანიამ აღნიშნული საქმიანობა 2022 წლის მარტში შეწყვიტა, თუმცა ამჟამად მომსახურებას უწევს რუსეთში ერთ ესტონურ კომპანიას და ეს პროექტი ასევე დასკვნით ეტაპზეა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ Stark Logistics-ს არ დაურღვევია სანქციები.
„თქვენ შესაძლოა, მკითხოთ, რა დამოკიდებულება მაქვს ამ საქმიანობის ეთიკურ ასპექტთან? მე აქამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი: კვლავ მჯერა, რომ ყველა სახის ბიზნესი რუსეთთან უნდა შეწყდეს, ვიდრე უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. რამდენადაც ვიცი, ეს არის ის, რაც ჩემმა მეუღლემ გააკეთა ომის დაწყებიდან ერთ თვეში“, – განაცხადა კალასმა.
ამასთან, მოგვიანებით, კაია კალასმა პორტალ „დელფისთან“ ინტერვიუში თქვა, რომ გადადგომაზე ფიქრის მიზეზებს ვერ ხედავს.
„მე ვერ ვხედავ გადადგომის საკითხის განხილვის აუცილებლობას, რადგან არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. ჩემს ქმარს ცუდი არაფერი ჩაუდენია“, – აღნიშნა მან.
0
0
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
23/04/2026