
„ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ეს არის სისულელე. საიდან მოიგონეს საერთოდ, რა ჩანაწერი, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. არ მომისმენია ეს ჩანაწერი, არც მინდა, მოვისმინო და არც დრო არ მაქვს ამისი. ყველა ხედავს, რითიც ვარ დაკავებული და რასაც ვაკეთებ. ჩანაწერი, მოიგონეს ახლა ახალი“,- განაცხადა გიული ალასანიამ.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.
0
0