
გარემოს ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, არჩილ გუჩმანიძე ბათუმში საზღვაო ნაღმის აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც გუჩმანიძე წერს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ნაღმი უკრაინიდან შემოსულიყო და მისი აზრით, არ არის გამორიცხული, მომხდარი დივერსიას უკავშირდებოდეს.
„ეს ნაღმი მაღალი ალბათობით არ მოსულა უკრაინიდან, შავ ზღვაში გვაქვს ორი ციკლური დინება, ერთი მის აღმოსავლეთ, ხოლო მეორე მის დასავლეთ ნახევარში, ეს ორი წყლის მასების წრებრუნვა ერთმანეთისგან გამიჯნულია (მას ოკეანოგრაფები კნიპოვიჩის სათვალეს ეძახიან). უკრაინიდან წყლის მასებს რომ წამოეღო ეს ნაღმი, მას უნდა გამოეარა დუნაის ფრონტი, რუმინეთის (200 კილომეტრია), ბულგარეთის (300 კილომეტრია) სანაპირო და მერე უნდა გადასულიყო თურქეთის წყლებში, სადაც მას მოუწევდა ბოსფორის სრუტის სიახლოვეს (სადაც გემების დიდი ტრაფიკია) მოხვევა, მერე მას უნდა ემოძრავა სინოპის ნახევარკუნძულამდე (კიდევ 500 კილომეტრი) სადაც უნდა გადაელახა ორ ციკლურ დინებას შორის არსებული სივრცე (ეს დრეიფით ფაქტობრივად შეუძლებელია) და გადმოსულიყო შავი ზღვის აღმოსავლეთ ნახევარში, სადაც მას თურქეთის ნაპიროების გასწვრივ კიდევ უნდა დაეძლია 600 კილომეტრი და მოეღწია საქართველოს წყლებამდე. მაღალი ალბათობით საქმე სხვა რამესთან გვაქს (არაა გამორიცხული დივერსია)“, - წერს ის.
არჩილ გუჩმანიძის თქმით, ის, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:
„გაგვიმართლა, იქვე 100 მეტრშია ზღვაში შეჭრილ პირსზე მოწყობილი რესტორანი სანრემო, ნაღმის ამ კონსტრქუციას რომ დაჯახებოდა და მომხდარიყო დეტონაცია საუბედუროდ გვექნებოდა მსხვერპლი; გაგვიმართლა, რომ დიდი შტორმი იყო და ამ დროს აღნიშნულ აკვატორიაში არცერთი გემი არ მოძრაობდა, ალბათობა გემთან შეჯახების (ნაღმი აუცილებლად ჩრდილოეთით ბათუმის პროტისკენ წაიწევდა) ძალზე მაღალი იყო - თანმსდევი ტრაგედიებით. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იქ კიდევ იყო მეორე ნაღმი, რომელიც იქ არ აფეთქებულა - ზღვამ წაიღო“, - წერს გუჩმანიძე და აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ხომ არ დააზიანა აფეთქებამ ბათუმის სატუმბი სადგურის სიღრმისეული ჩაშვების მილი, რომელიც იქვეა.
ცნობისთვის, გუშინ შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.
0
0