
„არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროპარლამენტმა საქართველო მედიის თავისუფლების შეზღუდვისგან, სასამართლო რეფორმების გატარებისგან და სამოქალაქო თავისუფლების დაცვისგან უკანდახევის გამო გააკრიტიკა - მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად ჰოსპიტალიზებულია სასჯელის მოხდის პარალელურად. სააკაშვილის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც ის პირველად შემოვიდა საქართველოში 2013 წელს საპრეზიდენტო პოსტიდან გადადგომის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიქცა, როდესაც მისი მილიარდერი კონკურენტის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის საქართველოში არაკანონიერი გზით შემოვიდა.
ამჟამინდელ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უფლება აქვს შეიწყალოს ქვეყნის 2003 წლის პროევროპული „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი, კომენტარს არ აკეთებს თავის გეგმებზე. თუმცა ზურაბიშვილის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ „ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს“.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროკავშირის ზოგიერთი მოთხოვნა, ნაწილობრივ პოლიტიკური განხეთქილების გამო, პრეზიდენტმა თქვა, რომ დადგა დრო, „ევროპამ სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს“.
„საქართველოს ევროკავშირის ფორმალური კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მორიგმა წარუმატებლობამ შეიძლება გაათამამოს რუსეთი და საქართველო თავისი ამბიციების „ნაცრისფერ ზონად“ წარმოაჩინოს.
თქვენ უნდა მოგვანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ვიცი, რომ არის გარკვეული საკითხები, რასაც არ ვასრულებდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, წინ უნდა წავიდეთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0